საზოგადოება
ნინო კალანდაძე: „არჩევნებისთვის დაკვირვების მზადყოფნა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისმა გამოთქვა“
osce1თბილისი, 24 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაკვირვების მზადყოფნა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) გამოთქვა. ამის შესახებ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ქართული მხარე ოფიციალურ წერილობით პასუხს არ ელოდება იმ შეთავაზებაზე, რომელიც პრეზიდენტის დავალებით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში დაიგზავნა. „ჩვენ ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ სადამკვირვებლო მისიები დაინტერესებული არიან, ჩამოვიდნენ საქართველოში და დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. უბრალოდ, არსებობენ სახელმწიფოები, რომელთაც არ სურთ მათი მიღება და აფერხებენ. საქართველო ამის საპირისპირო მაგალითია“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.
6 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის დავალებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით ოფიციალური მოსაწვევები გაუგზავნა საერთაშორისო ინსტიტუტებს: ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისს (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეას (NATO PA), ევროპარლამენტსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე, თხოვნით მიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კეტრინ ეშტონს, რომ ევროკავშირმა დააფინანსოს მედიამონიტორინგის პროექტი, მსგავსად 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს განხორციელებული წარმატებული მედიამონიტორინგის პროექტისა.