თბილისი, 24 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველო“ ატყობინებს, პარტია საზოგადოებას თავის საარჩევნო პროგრამას წარუდგენს. გთავაზობთ განცხადების ტექსტს უცვლელად:
„2012 წელს საქართველოში არჩევნები ჩატარდება, თუმცა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც პოლიტიკური ძალები ყველაფერზე საუბრობენ საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამის გარდა.
დღეს ყველა პარტია ერიდება მთავარი სიმართლის თქმას, თუ რა არის ქვეყნის მთავარი გამოწვევა: საქართველო რეალურად არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა და ვაშინგტონიდან იმართება. ვიდრე ქვეყანა ამერიკული დიქტატისაგან არ გათავისუფლდება, ვერც თავისუფალი არჩევნები ჩატარდება, ვერც რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან გავმართავთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ვერც ეროვნული წარმოება ვერ აღორძინდება და ვერც ჩვენს თვითმყოფადობას შევინარჩუნებთ.„თავისუფალი საქართველო“ საზოგადოებას წარუდგენს წინასაარჩევნო პროგრამის ძირითად პრინციპებს, რომელიც აქტიური განხილვის შემდეგ მიიღებს საბოლოო სახეს:
1. არა – ნატოს! ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა;
2. სააკაშვილის რეჟიმის გასამართლება, დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა;
3. შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა (უფროსი თაობის) რეაბილიტაცია;
4. საყოველთაო ამნისტია;
5. ჯანმრთელობის 100%-იანი დაზღვევა;
6. საბანკო ვალების გადავადება;
7. მიწა, საძოვარი და ტყე – გლეხებს, ეროვნული წარმოების მხარდაჭერა;
8. დაბრუნება რუსეთის ბაზარზე;
9. ეროვნული და მართლმადიდებლური სახელმწიფოს მშენებლობა.
პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა“