პოლიტიკა
პოლიტიკური კონსულტაციები ჩინეთსა და მონღოლეთთან

kalandadze-nino121თბილისი, 24 აპრილი, საქინფორმი. უახლოეს დღეებში საქართველო პოლიტიკურ კონსულტაციებს ჩინეთსა და მონღოლეთთან გამართავს. როგორც ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, 25 აპრილს პეკინში ჩინეთ-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართება.

„ბოლო პერიოდში ჩინეთთან ურთიერთობის აქტიურ ფაზაში გადავედით, განსაკუთრებით კი – ორმხრივი ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინური ინვესტიციების განხორციელება საქართველოში, რაც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას შეუწყობს ხელს. ასევე, მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთში, კერძოდ, ის, რომ ჩინური ბაზარი ქართველი მეწარმეებისთვის მაქსიმალურად იქნება გახსნილი“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

27 აპრილს კი ულან-ბატორში მონღოლეთ-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართება.

მისი განმარტებით, მონღოლური მხარე, განსაკუთრებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს გამოცდილების გაზიარებით არის დაინტერესებული.

საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურ კონსულტაციებს სხვადასხვა სახელმწიფოსთან მართავს.