თბილისი, 24 აპრილი, საქინფორმი. თბილისში სასტუმრო „Radisson Blu Iveria“-ში სამხრეთაფრიკელ ფერმერთა (ბურები) პირველი კონგრესი მიმდინარეობს.
კონგრესს 60-მდე სამხრეთაფრიკელი ფერმერი და სამხრეთაფრიკული ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი ესწრება, ძირითადად, სოფლის მეურნეობის სფეროდან.
ფერმერებმა კონფერენციაზე საქართველოსთან დაკავშირებული გეგმები და განხორციელებული პროექტები წარადგინეს.როგორც კონფერენციის დაწყებამდე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ განაცხადა, კონგრესის მიზანს საქართველოში სამხრეთაფრიკული ინვესტიციების მოზიდვა და სამხრეთაფრიკელ ფერმერთა გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.
კონგრესი პაპუნა დავითაიამ და „ტრანსვაალის სასოფლო-სამეურნეო კავშირის“ გენერალურმა მენეჯერმა ბენი ვან ზილიმ გახსნეს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მალხაზ აქიშბაია, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსიც.
თავის მხრივ, საქართველოში უკვე დაფუძნებული სამხრეთაფრიკელი ფერმერები და სამხრეთაფრიკული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები წარმოადგენენ საქართველოში უკვე განხორციელებული პროექტების პრეზენტაციას.
კონგრესი ორდღიანია და დღეს დასრულდება.
ცნობისთვის: პირველი მსგავსი კონგრესი 2010 წელს აფრიკაში ჩატარდა. კონგრესზე დიასპორის საკითხებში სახელწმიფო მინისტრმა სამხრეთაფრიკელ ფერმერებს სქართველოს საინვესტიციო კლიმატი და სოფლის მეურნეობის პოტენციალი გააცნო, რის შემდეგაც ფერმერები საქართველოთი დაინტერესდნენ.