თბილისი, 24 აპრილი, საქინფორმი. გუშინ და დღეს კატარსა და დუბაიში საქართველოს ბიზნესკლიმატის პრეზენტაცია იმართება. ღონისძიება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით ეწყობა.
საქართველოდან მასში მონაწილეობენ ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი, „რაკია საქართველოს“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალური მენეჯერი რონი სააბი, „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ვასილ რევიშვილი, იურიდიული კომპანია „BLC“-ს დამფუძნებელი ალექსანდრე ბოლქვაძე და ბათუმის საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები.გუშინ კატარის სახელმწიფოს სავაჭრო პალატაში გაიმართა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და არსებული ბიზნესკლიმატის პრეზენტაცია, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დღეს დუბაის საამიროში, სასტუმრო „Shangri-La“-ში ბიზნესფორუმი ჩატარდება, რომელსაც 150-ზე მეტი ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.
საქართველოს დელეგაციის წევრები დამსწრე საზოგადოებას საქართველოში ბიზნესის, სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებსა და საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტიკისა და ჯანდაცვის სფეროებიდან.
პრეზენტაციების შემდეგ ფორუმის მონაწილეებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება.