პუბლიკაციები
ირაკლი ალასანია: „ჩვენი ქვეყნის არასტაბილურობის ერთადერთი წყარო დღეს სააკაშვილის ბუნება და მისი მართვის სტილია“

alasa101საქინფორმის სტუმარია  – პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ირაკლი  ალასანია.

– ბატონო ირაკლი, თქვენმა განცხადებამ ნებაყოფლობითი რეზერვის შესახებ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ხელისუფლებაში. დღეს ნებაყოფლობითი რეზერვის არსებობაზე უკვე არა მარტო  ზუგდიდში, არამედ კახეთსა და მთელ საქართველოში, საუბრობს თავად ხელისუფლება. ხომ არ გამოიწვევს ეს საქართველოს საბოლოო ტერიტორიულ დაშლას?

– ჩემი განცხადება იყო პრევენცია, რომ ამ სამხედრო ფორმირებებში გაერთიანებული ადამიანები სამოქალაქო საზოგადოების, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დაპირისპირების გამოსაყენებლად სააკაშვილის ხელში ინსტრუმენტად არ ქცეულიყვნენ. მას არაერთხელ მოუხდენია იმის დემონსტრირება, რომ მისთვის სამოქალაქო საზოგადოების,  კონკრეტული მოქალაქის ბედი აბსოლუტურად უმნიშვნელოა. მისთვის მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა და ძალადობით ახერხებდა ამას დღემდე. სწორედ ამიტომაც გავაკეთე განცხადება, რის შემდეგაც საერთაშორისო თანამეგობრობაც და ქართველი საზოგადოებაც  დაინტერესდა ამ საკითხით და ჩემი განცხადების შემდეგ ხელისუფლება იძულებული შეიქნა, ჯერ ეღიარებინა ასეთი ჯგუფების არსებობა და მეორე – დაეწყო მათი სამართლებრივი მოწესრიგება. არ არსებობდა არც ფინანსთა, არც თავდაცვის მინისტრის  ფინანსური გაანგარიშებები, პრეზიდენტის სპეციალური განკარგულებები, რის საფუძველზეც  ეს რეზერვი უნდა შემდგარიყო. ანუ მათივე ნაბიჯებიდან მტკიცდება, რომ ეს   არაფორმალური გაერთიანებები და გასამხედროებული ორგანიზაციები იყო. რაც უფრო მეტი სიცხადე შევა ამ პროცესში, მით უფრო ნაკლები შანსი რჩება სააკაშვილს ამ ფორმირებებში გაერთიანებული ადამიანების ღიად, საკუთარი  ხალხის წინააღმდეგ გამოყენებისა. მეორე ნაწილი შეკითხვის – თუ რას ემსახურება ეს რეზერვი?

– საომარი რიტორიკა და რუსეთის ლანძღვა ომის პროვოცირების ეჭვს ბადებს...

– მე რუსეთ-საქართველოს შორის საომარი კონფლიქტის განახლების საფრთხეს არ ვხედავ. ვხედავ და ვხედავდი იმ საფრთხეს, რომ ამ ხალხს არჩევნებში გამოიყენებენ, მაგრამ მინდა, ღიად გითხრათ, რომ მათი დიდი უმრავლესობა ამ ჯგუფებში გაერთიანებულია ან იმიტომ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი მათი კრიმინალურ წარსულის კომპრომატებს იყენებდა მათსავე წინააღმდეგ, ან დღეს, როდესაც სამუშაოს მოძიება ძალიან რთულია, ის ანაზღაურება, რასაც ესენი ჰპირდებოდნენ და პირველი თვეების დროს გაცემული თანხები, ბევრს ოჯახების შენახვაში ეხმარებოდა. ამიტომ ეს გადაწყვეტილებები ხან ნაძალადევი, ხანაც მერკანტილური მოსაზრებით იყო ნაკარნახევი. რეალურად და იდეურად არცერთი მათგანი სააკაშვილის სარდლობის ქვეშ გაერთიანებული არ არის და არ მგონია, გაჰყვნენ იმ ბრძოლაში, თუ სააკაშვილი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მათ გამოყენებას დააპირებს.  გაჩნდა ინფორმაციაც, რომ ასეთი ჯგუფები სხვადასხვა რეგიონშიც ყალიბდება. აქ აუცილებელია ქართული მედიასაშუალებების, პრესის (დამოუკიდებელზე მაქვს საუბარი) ჩართვა, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციების მობილიზება და კანონის სადარაჯოზე დადგომა.

ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ გაგვეპარა ეს პროცესი ხელიდან 90-იან წლებში. მაშინ წინ ვერ აღვუდექით ასეთი ჯგუფების ჩამოყალიბებას და დავდექით ფაქტის წინაშე, როდესაც ამ ადამიანებმა სროლა უკვე ერთმანეთისკენ დაიწყეს. დღეს ეს რომ გამოვრიცხოთ,  ყველამ მტკიცე პოზიცია უნდა დავიკავოთ.

ჩვენი ქვეყნის არასტაბილურობის ერთადერთი წყარო დღეს სააკაშვილის ბუნება და მისი მართვის სტილია. ამასთან, უნდა გავიაზროთ, რომ ამის დასრულების შანსი ჩვენ სწორედ საპარლამენტო არჩევნებით გვეძლევა. ამიტომაც სამეგრელო, დასავლეთ საქართველო და ეს ხალხი, ბუნებრივია, ჩემგან თანადგომას და გვერდში დგომას ითხოვენ. ბუნებრივია ისიც, რომ ეს რეპრესიული რეჟიმი სამეგრელოში ძლიერადაა ფესვგადგმული. ამ  მონოპოლიას, სამეგრელოს ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს ახალაიები მართავენ – იქნება ეს ბიზნესი, პოლიცია და სამართალდამცავი სტრუქტურები თუ  მედია. შიშის გატეხვაც სწორედ პირადი მაგალითით უნდა დავიწყოთ და საზოგადოების უდიდესი ნაწილიც, რომელმაც კარგად იცის, რომ ადამიანს შეიძლება ყველაფერი წაართვა – სამუშაოც, ქონებაც, სახლიც, მაგრამ ვერ წაართმევ  ღირსებას, ის ამ ღირსების დასაცავად სწორედ არჩევნების დღეს გამოვა.

– ბატონო ირაკლი, არჩევნებს შევეხეთ და ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა? „ქრისტიან-დემოკრატებმა“, ჩანს, ხელისუფლების შეგდებული იდეით რაღაც უტოპიური წინადადება წამოაყენეს ევროკავშირის მოქალაქეობის კუთხით...

– სააკაშვილი თავისი უკანონო გადაწყვეტილებით თავიდანვე გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. იმთავითვე გარკვეული ეჭვის შეტანა სცადეს, რომ სამართლებრივად  შეიძლებოდა ფორმალურად ბიძინა ივანიშვილზე  მოქალაქეობის საკითხის გამო მოდავება – ის, რომ მოქალაქეობა არასწორად ჰქონდა, რაც აფსურდია. ამ გადაწყვეტილებას შემდეგ სააკაშვილის მხრიდან არასწორი და პანიკური გადაწყვეტილებები მოჰყვა, რამაც იმ ვითარებაში აღმოაჩინა, რომ საერთაშორისო და ქართველი საზოგადოებიდან ზეწოლა მას ნაბიჯის გადადგმას აიძულებს.  რადგან საკუთარი სისუსტის გამომჟღავნება არ უნდა,  იპოვა სატელიტი, რომელმაც პარლამენტში ასეთი საკონსტიტუციო ცვლილების შეთავაზება დაიწყო. ეს ცხადად მეტყველებს იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს სააკაშვილს კონსტიტუციასთან. ის, რომ კიდევ ერთხელ უნდა, საკუთარ ნებას მოარგოს კონსტიტუცია და ბიძინა ივანიშვილი აქ არაფერ შუაშია.  ეს საკონსტიტუციო ცვლილება მისი მდგომარეობიდან გამოყვანას ემსახურება. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის აფსურდი. სააკაშვილმა აფსურდამდე მიიყვანა პოლიტიკური ცხოვრება და სამართლებრივი სივრციდან გავიდა. ჩვენთვის მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ქართველი საზოგადოება ამ არჩევნებზე თავად გადაწყვეტს, ბიძინა ივანიშვილს მისცეს მოქალაქეობა. ის იქნება პრემიერმინისტრობის კანდიდატი.

– ბატონო ირაკლი, მოდი, გულახდილი ვიყოთ. ბატონი ბიძინას გარემოცვაზე ძალიან ბევრს საუბრობენ. არა იმას, რომ ხალხს ამერიკელი ხალხი არ მოსწონს. უბრალოდ, ისეთი ფასეულობების ჭიდილზეა საუბარი, რაც ტრადიციული ქართველისთვის მიუღებელია. რა პოზიციას დაიჭერს ამ კუთხით კოალიცია?

ეჭვი იმაში არავის ეპარება, რამდენად ეროვნული ადამიანია თავად ბატონი ბიძინა. რამდენი გააკეთა კულტურის, ინტელექტის, ეროვნულობისა და სულიერების შენარჩუნებისთვის. პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღეებიდან მეც ვცდილობდი,  ქართული ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობაში ჩემი წვლილი შემეტანა და იმის მიუღებლობა, რასაც სააკაშვილი აკეთებს – თავიდანვე დავაფიქსირე. ანუ ის, რომ „უნდა დავივიწყოთ, რაც  2003 წლამდე საქართველოში ხდებოდა და ჩვენი მთავარი ამოცანაა  გაუგებარი და მოდერნიზაციის ეგიდით რაღაც „ახალი ქართველი ერის“ გამოყვანა  და ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნა“. რა თქმა უნდა, წარსულის გარეშე ჩვენ არაფერი არ ვართ და ის, რომ დღეს ამდენი ათასწლეულით მოვედით თანამედროვეობამდე, ჩვენს ერს აქვს თავისი დანიშნულება... ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი, რომ დღეს ჩვენი ეროვნული მისიის შესრულება ვერ შევძლოთ, ის ძალადობრივი  სახელმწიფო მოწყობაა, რაც სააკაშვილმა შექმნა. გამოსავალი ერთადერთია: ჩვენ – საქართველო და ქართველები, ბუნებითა და ტრადიციულად – ტოლერანტები, ფუნდამენტალურად კი დემოკრატიული ბუნების მატარებელი ქვეყანა ვართ. ჩვენ, უბრალოდ, ინსტიტუციურად გვმართებს ჩვენი  ქვეყნის გამართვა. ეს კი, პირველ რიგში, ჩვენი ტრადიციული ბუნების შენარჩუნებას და ახლის შეთვისებას ითხოვს. ქართველი ტრადიციებს ინარჩუნებდა, მაგრამ ახლისკენ ყოველთვის მიდრეკილი იყო. ამიტომ ჩვენი ათონელი მამები თუ სხვა მოღვაწეები დასაყრდენს ევროპაში ეძიებდნენ და იღებდნენ ცოდნას. სინგაპურიზაცია ჩვენთვის ბუნებრივად მიუღებელია, მაგრამ  ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრება ის მისიაა, რომელსაც საქართველო, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად შეძლებს.

– საქართველო ამ ადგილის დაკავებას შეძლებს, მაგრამ ჩვენ ბევრად დიდი ტრადიცია და კულტურა გვაქვს, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანას. ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნეში ძველ კოლხეთში უკვე აკადემიაც არსებობდა. ტრადიციაც, ისტორიაცა და კულტურაც ბევრად დიდი გვაქვს...

ვფიქრობ, მთავარი პასუხი უკვე გაცემულია. სწორედ ეს არის კულტურათა თანაარსებობა.  ჩვენ რაღაც მოგვაქვს ევროპიდან და ჩვენც ვაძლევთ მას მნიშვნელოვანს. ჩვენ ვამდიდრებთ ევროპულ ცივილიზაციას, ვართ დიდი ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. დაგეთანხმებით, ჩვენთან ცივილიზაცია რომ ვითარდებოდა, ევროპაში ჩანასახშიც კი არ იყო. ასე რომ, ურთიერთგაცვლა და კულტურათა თანაარსებობა სწორედ ის მოდელია, როგორადაც თავიდან იყო  ჩაფიქრებული ევროპული ოჯახი. დარწმუნებული ვარ, როგორც კი თავისუფლებას მოვიპოვებთ (თავისუფალი მოქალაქეების გარეშე კი თავისუფალი ქვეყანა რომ არ შედგება, ეს ხომ დავინახეთ), თავს მოვიწესრიგებთ და დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი გავხდებით.

– ბატონო ირაკლი, ამ ბოლო დროს ძალზე აქტუალური გახდა საქართველოში ფაშიზმისა და ქსენოფობიის თემა. იგივე ჩვენი ტოლერანტობიდან გამომდინარე, რა გვჭირს ამის სასწავლებელი?

– მიმაჩნია, რომ ეს ხელოვნურად ჩანერგილი და გამოგონილი თემებია, რადგან საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ანტისემიტიზმი არასდროს ყოფილა. საქართველო და, თუნდაც, თბილისი არის მხარე, სადაც ბუნებრივად შეთვისებულია და თანაარსებობს თითქმის ყველა ეთნიკური და რელიგიური კულტურა. სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის საქართველოს. ჩვენ უდიდესი შეცდომები მოგვივიდა 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საზოგადოებამ ძმათამკვლელი ომი დაუშვა, როდესაც ჩვენს თანამოძმეებთან – აფხაზებსა და ოსებთან სისხლისმღვრელი ომი გავაჩაღეთ. ეს არის ტრაგედია, საიდანაც ერთად უნდა გამოვიდეთ.  მე ხედვები და კონტაქტები დღესაც მაქვს აფხაზურ მხარესთან და, დარწმუნებული ვარ,  სწორედ ჩვენი დიდი ტოლერანტული ბუნება და ქართველებში ჩადებული პატიების დიდი შინაგანი უნარი გახდება ახალი დიდი გაერთიანების საფუძველი.

ბატონო ირაკლი, რუსული თემა დღეს ქართულ პოლიტიკაში არაპოპულარულია, მაგრამ დღეს რუსეთი - ის საერთაშორისო მოთამაშეა, რომელსაც თავად შტატებიც უწევს ანგარიშს. „ნაციონალურმა მოძრაობა“ რუსეთის ლანძღვით მოვიდა და დღემდე აგრძელებს. ამ რიტორიკის  შედეგად კი გამესამედებული ქვეყანა მივიღეთ...

გეტყვით, რომ რუსეთი საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებში შედის. ჩვენ უნდა დავიწყოთ პოლიტიკური დიალოგი რუსეთთან, სავაჭრო კონტაქტების აღდგენა და, ზოგადად, მეზობელთან ჩვენი ურთიერთობების მოწესრიგება. ეს არის 140-მილიონიანი ბირთვული მეზობელი, რომელთანაც საერთო ენა უნდა გამოვძებნოთ. ურთიერთობების დარეგულირება პოლიტიკური ხედვაა. ამ ურთიერთობებისკენ  ერთადერთი გზა კი, ჩემი აზრით,  არის ის, რომ გავხსნათ გზა რაც შეიძლება მეტი ადამიანური და სოციალური ურთიერთობებისკენ და, პირველ რიგში, სავაჭრო ურთიერთობები აღვადგინოთ.

2008 წლის ომი ქვეყანამ ძალიან მძიმედ გადაიტანა. ეს ქართულ ცნობიერებაში დღესაც იმდენად მწარეა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, თუნდაც რამდენიმე თვეში ურთიერთობების აღდგენის სრულად მოხერხების ილუზია არ უნდა გვქონდეს. მაგრამ ეს პროცესი, პრაქტიკულად, დამარხულია და სააკაშვილის ხელისუფლების ტყვეობაშია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდება ახალი სივრცე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში. ეს სივრცე გულისხმობს ახალი ურთიერთობების დაწყებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს თანამოძმეებთან – აფხაზებსა და  ოსებთან. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს იქნება იმ მრავალმხრივი დიპლომატიის შედეგი, რომელიც სააკაშვილმა თავის დროზე, 2005-2006 წლებში, როდესაც მე აფხაზებთან მოლაპარაკებებში ვმონაწილეობდი, წყალში ჩაყარა.  საქართველო უნდა გავხადოთ არა დაპირისპირებების, არამედ შეთანხმებების ადგილი ორ სუპერსახელმწიფოს ან ნატოსა და რუსეთს შორის. გული მწყდება, რომ უმაღლესი დონის ყველა შეხვედრა ევროკავშირსა და რუსეთს თუ ნატოს, აშშ-სა და რუსეთს შორის მთავრდება სიტყვებით: „ჩვენ ვერ ვთანხმდებით საქართველოზე“. აი, ეს არის სააკაშვილის პოლიტიკის შედეგი. ჩვენი პოლიტიკის შედეგი კი გვინდა, იყოს, რომ საქართველო გახდეს შეთანხმებების ადგილი და ეს იქნება თვისობრივი და ფუნდამენტალური ცვლილება რეგიონული უსაფრთხოებისთვისაც.

– ბატონო ირაკლი, მოსახლეობის უმეტესობა დარწმუნებულია, რომ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილი არჩევნებით დიდი უმრავლესობით მოვა, მაგრამ საზოგადოება არც ხელისუფალთა მხრიდან გამორიცხავს მათთვის ჩვეულ ქმედებას. ამის აღკვეთის რა მექანიზმი გაქვთ?

– პირველ რიგში, თქვენი შეკითხვის პირველ ნაწილს ვუპასუხებ. დიახ, დიდი იმედი და მოლოდინია, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, მაგრამ  ჩვენი თვითმიზანი ხელისუფლების შეცვლა არ არის. მთავარი წარმოსაჩენია, რით მოვდივართ! ეს არის სოფლის მეურნეობის აბსოლუტურად გააზრებული სტრატეგია; სწორი ტაქტიკა და სტრატეგია, როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობით; როგორ უნდა მოვხსნათ და მოვსპოთ მონოპოლია და ოლიგარქიული მმართველობა. ჩვენ გვექნება სრულიად ახალი და, შემიძლია ვთქვა, საზოგადოებისთვის შეთავაზებული  უპრეცედენტო სოციალური უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სისტემა საპენსიო ფონდითა და დაზღვევის სიტემით, პრაგამატულად ისე გააზრებული, როგორიც საქართველოს დღემდე არ ჰქონია; განათლების სიტემის რეფორმა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოისპობა  უსამართლობის ის განცდა, რაც ყველა მოქალაქეს დღეს ასე გვკლავს; როგორ იქნება გარანტირებული მართლმსაჯულება და სამართალდამცავი სიტემის დეპოლიტიზაცია. არავის ეგონოს, რომ ასეთი საკითხები   ხალხს არ აინტერესებს. ტყუილია ის, რასაც ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ნერგავს – „ვინ კითხულობს პროგრამას და ვის აინტერესებს?..“ ეს ასე არ არის. ხალხს ყელში ამოუვიდა ტყუილი და ძალადობა. თუკი დღეს ალტერნატივა უნდა შედგეს, და შედგა „ქართული ოცნება“, ის  ქვეყნის განვითარების ამ სტრატეგიულ ხედვაზე უნდა იყოს დაფუნებული.

ახლა მეორე – როგორ ვებრძოლოთ უსამართლობას? – პირველ რიგში, პირადი მაგალითით. ჩემი ხშირი ჩასვლა რეგიონებში და ახლა ჩემს თანამოაზრეებსა და მებრძოლებთან ერთად სამეგრელოში გადასვლა ამ მაგალითის მიმცემი იქნება. ოთხი თვეა, სერიოზულად ვმუშაობთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რომლებიც უკვე მაისიდან დაიწყებენ დაკვირვებას. ისინი იქნებიან ხობში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, თელავში. ყველგან, სადაც კი მოხდება ზეწოლა ჩვენს მხარდამჭერებზე, რეაგირება საერთაშორისო სტრუქტურების მხრიდან იქნება. ჩვენ მოვამზადეთ იურისტთა დიდი ჯგუფი, რომელიც უკანონოდ დაჩაგრულ ყველა მოქალაქეს სამართლებრივ რეაგირებაში დაეხმრება. არჩევნების დღეს ბევრი ისეთი დამკვირვებელი, კომისიის წევრი გვეყოლება, რომლებიც, წინა წლებისგან განსხვავებით, არ უღალატებს ძირითად პრინციპს – მოქალაქემ შეძლოს თავისი თავისუფალი არჩევანის დაფიქსირება! ქმედება იწყება უკვე აპრილის ბოლოდან, მაისიდან და ეს არ იქნება ქმედება მხოლოდ პროგრამების გამოქვეყნების სახით;  ჩვენ ხალხის ნებას  დემონსტრირებას ქუჩაშიც გავუკეთებთ. საზოგადოება ირაზმება, რადგან ყველამ კარგად დაინახა, რაც განახორციელა პარლამენტმა – როგორ ეწინააღმდეგება ის თავისუფალი ნების გამოხატვას ქვეყანაში. ეს მრავალფეროვანი კამპანია იქნება, რა თქმა უნდა, საზოგადოების ქუჩაში მასშტაბური დემონსტრირების თვისებებით.

–  დიდი მადლობა, ბატონო ირაკლი.

ესაუბრა ბაია ამაშუკელი