თბილისი, 23 აპრილი,
საქინფორმი. გამოცხადდა რუსეთში ქართველთა კავშირის III ყრილობის ჩატარების თარიღი. 2012 წლის 28 აპრილს მოსკოვში, მისამართზე – დოკუჩაევის შესახვევი №2, 15.00 საათზე დაიწყება სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსეთში ქართველთა კავშირის“ III ყრილობა. მასში მონაწილეობას მიიღებენ მოსკოვისა და რეგიონული განყოფილებების დელეგატები.
„რუსეთში ქართველთა კავშირის“ ინტერნეტსაიტის – www.georgans.ru – ინფორმაციით, „არსებული გარემოებების გამო ყრილობის გადაწყვეტილებებს ბედითი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ორგანიზაციისათვის! ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ყრილობაზე იქნება განხილული, არის ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები. კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ, რომელმაც შემოქმედებით შვებულებასთან დაკავშირებით მოიხსნა უფლებამოსილება, ძალზე მაღლა ასწია თამასა. მისი ხელმძღვანელობით კავშირმა თავი გამოიჩინა როგორც ძლიერმა და გავლენიანმა დიასპორულმა ორგანიზაციამ. მიუხედავად დროის მრავალი გამოწვევისა, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობისა, „რუსეთში ქართველთა კავშირმა“ წარმატებით და თანმიმდევრულად გაატარა ცხოვრებაში სახალხო დიპლომატიის იდეა, ააშენა მეგობრობისა და თანამშრომლობის ხიდები სხვადასხვა ერის წარმომადგენლებს შორის. ამასთან, გააღვივა ინტერესი და პატივისცემა ქართველი ხალხის ტრადიციების მიმართ. აღსანიშნავია, რომ კავშირის წევრებმა ერთხელაც კი არ გადააბიჯეს იმ ფაქიზ ზღვარს, რომელიც სახალხო დიპლომატიას პოლიტიკისაგან გამოყოფს. ისინი ზედმიწევნით იცავდნენ ორგანიზაციის წესდებას. დადგა დრო, სერიოზულად დავფიქრდეთ „რუსეთში ქართველთვა კავშირის“ მომავალზე და კავშირის პრეზიდენტის პოსტზე არანაკლებ ღირსეული კანდიდატურები განვიხილოთ“.