პოლიტიკა
„ტრამპ თაუერის“ მფლობელი და დეველოპერი ქართული კონგლომერატი „სილქ როუდია“

Trump-Batumiთბილისი, 23 აპრილი, საქინფორმი. უძრავი ქონების ამერიკელი მაგნატი დონალდ ტრამპი საქართველოში ჩამოვიდა ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობის მისაღებად.

დონალდ ტრამპი, რომელიც თბილისში შაბათს საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა , დაგეგმილი 47-სართულიანი „ტრამპ თაუერის“ მფლობელი ან დეველოპერი არ არის.

პროექტის მესაკუთრე და დეველოპერია „Silk Road Group“ (SRG) – ქართული კონგლომერატი, რომელსაც ბიზნესინტერესები აქვს ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციების, საბანკო და უძრავი ქონების სფეროებში.

SRG „ტრამპის“ სახელს და სავაჭრო ნიშანს იმ სალიცენზიო შეთანხმების ფარგლებში იყენებს, რომელსაც მან ამერიკელი მაგნატის დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანია „Trump Organization“-თან მიაღწია 2011 წლის მარტში ნიუ იორკში გამართულ ცერემონიაზე, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილიც იმყოფებოდა.

გასულ ზაფხულს „SRG“-მა ნიუ იორკში განთავსებული არქიტექტურული კომპანია „John Fotiadis Architect“ დაიქირივა ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტის შესამუშავებლად.

„John Fotiadis Architect“ -ის ინფორმაციით, რომელმაც, ასევე, მიიღო მონაწილეობა „Trump Towers Istanbul“-ისა და სტემფორდში „Trump Parc“-ის შემუშავებაში, ბათუმის „ტრამპ თაუერისა“ და ნავსადგომის მშენებლობის დასრულება 2013 წლის ბოლოს ან 2014 წლის დასაწყისში იგეგმება; პროექტის შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს თაუერისა და ნავსადგომის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას. გეგმის თანახმად, მთლიანი პროექტის საერთო ფართობი, დაახლოებით, 160 000 კვ მ იქნება.

გასულ წელს „SRG“-მა განაცხადა, რომ საქართველოში ორი „ტრამპ თაუერის“ აშენებას გეგმავდა, ერთს – ბათუმში და მეორეს – თბილისში, თუმცა როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა აღნიშნა, ახლა აქცენტი ბათუმის „ტრამპ თაუერზე“ კეთდება, ხოლო თბილისის პროექტი მომავლის პერსპექტივაა.

„ტრამპ თაუერის“ პროექტი საქართველოში მწვანე შუქი იქნება ინვესტორებისთვის მსოფლიო მასშტაბით, რათა მათ საინვესტიციო პროექტები განახორციელონ საქართველოში“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ, რომელიც დონალდ ტრამპს თბილისის აეროპორტში დახვდა.

ამერიკელმა ბიზნესმენმა თბილისის მერთ გიგი უგულავასთან ერთად საქართველოს დედაქალაქის ღირსშესანიშნაობანი დაათვალიერა. მეორე დღეს კი იგი ბათუმში გაემგზავრა. იქ სტუმარი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო და საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

მიხეილ სააკაშვილი და დონალდ ტრამპი „ტრამპ თაუერის“ პრეზენტაციას დაესწრნენ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, წლის ბოლომდე ძირითადი მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებული იქნება და ამის შემდეგ მშენებლობის აქტიური სტადია დაიწყება.

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც არ აქვს დიდი ბუნებრივი რესურსები – ნავთობი და გაზი და, როგორც წესი, სწორედ ის ქვეყნები აშენებენ ასეთ რაღაცებს. რა არის საქართველოს ფენომენი, რომ ამ პატარა ქვეყანაში, გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში შენდება XXI საუკუნის ეს სასწაული და ჩამოდიან ასეთი სახელები? ამაზე მეტი დიდი სახელი მსოფლიოში ამ სფეროში არ არსებობს, როგორიცაა დონალდ ტრამპი. ჩვენი მთავარი რესურსი არის ჩვენი ხალხი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დონალდ ტრამპმა კი აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია, იმყოფებოდეს საქართველოში. მან ქართველ ხალხს და, განსაკუთრებით, საქართველოს პრეზიდენტს ამ პროექტის დაწყება მიულოცა.

„ტრამპ თაუერის“ პროექტი არქიტექტურული ფირმა „John Fotiadis Architect“-ის მიერ არის შემუშავებული. თანამედროვე 47-სართულიან შენობაში 80-დან 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინები განთავსდება, რომლებსაც ხედები შავი ზღვის სანაპიროსკენ ექნება.

„ტრამპ თაუერის“ მშენებლობაში საქართველოში ტრამპის პარტნიორი კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ ინვესტიცია ჩაიდება. კომპანიის ხელმძღვანელ გიორგი რამიშვილის განცხადებით, საქართველოში შემოდის ტრამპის ბრენდი. მისი თქმით, „სილქ როუდ ჯგუფი“უზრუნველყოფს როგორც დაფინანსებას, ისე პროექტების განხორციელებას.

დონალდ ტრამპი პრეზენტაციის დასრულების შემდეგ საქართველოდან გაემგზავრა.