თბილისი, 23 აპრილი, საქინფორმი. მართლმადიდებელმა ეკლესიამ გუშინ კვირაცხოვლობა, ანუ აღდგომის განახლება და თომას კვირა აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდა. როგორც საპატრიარქოდან იტყობინებიან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წირვა-ლოცვა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.
კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.კვირაცხოვლობას თომას კვირაც ეწოდება. წმინდა სახარების მიხედვით, აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და საკუთარი ჭრილობები უჩვენა. თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, თქვა, რომ სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა იესოს, მის აღდგომას არ დაიჯერებდა.
აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად – თომა მოციქულის თანდასწრებით. უჩვენა ჭრილობები და უთხრა, ხელით შეხებოდა, რათა დარწმუნებულიყო.
თომა მოციქული მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება.
უფალმა კი უპასუხა, რომ ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა.
კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური დარიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს. ბრწყინვალე შვიდეულის სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს. მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.