სამართალი
ტრენინგი მცირე და საშუალო ბიზნესის ადვოკატირებაზე

advokatirebaთბილისი, 20 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, ორგანიზაცია მცირე და საშუალო ბიზნესის ადვოკატირების გაუმჯობესების მიზნით რეგიონებში ტრენინგების ჩატარებას განაგრძობს. ამ მიზნით დღეს ბიზნესსამართალწარმოებით დაინტერესებული ადვოკატებისთვის ზუგდიდში ორდღიანი ტრენინგი იწყება.

ტრენინგის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კომერციული სამართალწარმოების კუთხით რეგიონის ადვოკატთა უნარ-ჩვევების ამაღლებისა და ინფორმირებულობის გაზრდის თვალსაზრისით.

ტრენინგზე განიხილება როგორც გადასახადის სახეები და მათი გადახდის წესები, სალარო აპარატების გამოყენება, ჯარიმები სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის, საგადასახადო შემოწმების სახეები, საგადასახადო დავა, საჩივრის განხილვა და საგადასახადო შეთანხმება, ასევე მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ სამუშაოებს და ჩაერთვებიან საჯარო დისკუსიებში. ამასთან, ტრენინგის დასასრულ, მონაწილეებს ორგანიზატორებისგან შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცემათ.

ტრენინგები ტარდება პროექტის – „ადვოკატირება კომერციული სამართლის გაუმჯობესებისა და იმპლემენტაციისათვის“ ფარგლებში, რომელიც „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ 2011 წლის სექტემბრიდან დაიწყო „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან“ პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ.