აქტუალური
"ნაცმოძრაობა" ჟვანიასდროინდელ ნაცად მეთოდიკას გამოიყენებს

ot-dveriთბილისი, 20 აპრილი, საქინფორმი. დღეს ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების კომისია „კარდაკარის“ პროექტს იწყებს.
როგორც კომისიიდან იტყობინებიან, ზემოაღნიშნულსა და კიდევ სხვა საკითხებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში რეგიონული თათბირი გაიმართა.
„მასში მონაწილეობა კომისიისა და რეგიონული წარმომადგენლობის 11 ხელმძღვანელმა მიიღო. თათბირზე იმ სამუშაოების ერთგვარი შეჯამება მოხდა, რაც თითოეულ რეგიონში „კარდაკარის“ სრულყოფილად ჩატარებისთვის იქნა გაწეული. ამასთან, იმ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით ბოლო რეკომენდაციები გაკეთდა, რომლებიც 10-12 აპრილს ჩატარებული „კარდაკარის“ საპილოტე პროექტის დროს იქნა აღმოჩენილი“, – განაცხადეს კომისიის პრესცენტრში.

პროექტ „კარდაკარის“ საპილოტე პროგრამამ, რომელიც 25 საარჩევნო უბანზე განხორციელდა, გარკვეული ნაკლოვანებები აღმოაჩინა.
„კარდაკარის“ მიმდინარეობის დეტალებზე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

ცნობისთვის, 20 აპრილიდან 10 ივნისის ჩათვლით 11 100 რეგისტრატორი, რომლებმაც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის სპეციალური ტრენინგები გაიარეს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას უზრუნველყოფენ. ისინი ყველა უბანს და ყველა ოლქს მოივლიან და ამომრჩეველთა სიებს მოქალაქეებთან უშუალო კონტაქტით დააზუსტებენ.
საბოლოო შედეგებს კომისია 1 აგვისტოსთვის გამოაქვეყნებს.

მკითხველს შევახსენებთ, რომ პროგრამა „კარდაკარს“ იყენებდა აწ გარდაცვლილი ყოფილი პრემიერი ზურაბ ჟვანია მაშინდელი მმართველი პარტიის – „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“, თავმჯდომარეობის დროს, რომლის დამფუძნებელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო. ამ მეთოდიკას, რომელიც შემდგომში არჩევნების შედეგების მანიპულაციის საშუალებას იძლევა, მშვენივრად ფლობს მაშინდელი „მოქკავშირის“ თავმჯდომარის მოადგილე, დღეს კი საქართველოს პარლამენტის სპიკერი, „ნაციონალური მოძრაობის“  გენერალური მდივანი მიხეილ მაჭავარიანი.