დღეს დილით ახალი ამბავი წავიკითხე და ძალიან მეწყინა: ამბობენ, რომ საქართველოში რუსულ სკოლებს დახურავენ. გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რუსულენოვანი სკოლების დირექტორებს ზეპირი განკარგულება მისცა, ახალი მოსწავლეების მიღება შეწყვიტონ.
გამახსენდა, თავის დროზე როგორ შემიყვანეს სკოლაში. როცა დადგა საკითხი, რომელ სკოლაში უნდა მესწავლა, დედაჩემი, რომელიც ეროვნებით სომეხია, არც კი დაეჭვებულა: რაღა თქმა უნდა, ქართულში! ის ძალიან განიცდიდა, რომ თავს არასრულფასოვან ქართველად ვიგრძნობდი. დედა ხომ სხვა ეროვნების იყო, სახლში ხშირად ვლაპარაკობდით რუსულად, თანაც იმისათვის, რომ სრულფასოვანი ქართველი ქალიშვილი იყო, ქართული ენის ცოდნა, უბრალოდ, აუცილებელია.ისე გამოვიდა, რომ 1 სექტემბრამდე მამა მივლინებაში წავიდა. სწორედ გამგზავრებამდე ამბობდა, რომ მისი – წმინდა სისხლის ქართველის – პრინციპული სურვილია, რომ მე განათლება რუსულ სკოლაში მივიღო. მის არყოფნაში დედამ დრო იხელთა და გადაწყვიტა, ქართულ სკოლაში მივეყვანე. ბაბუაც დათანხმდა. ოჯახის წევრები გამოეწყვნენ და მე, გამოპრანჭული და ბაფთებიანი, ხელჩაკიდებული წამიყვანეს ქართულ სკოლაში.
მაგრამ ამ დროს უცაბედად მამაჩემი გამოჩნდა, რომელიც მოულოდნელად დაბრუნდა მივლინებიდან, და იკითხა: ”აბა, საით გაგვიწევია?”. ჩვენ ვუთხარით, რომ აი იმ მშვენიერ ქართულ სკოლაში მივდივართ, რომელიც ჩვენი სახლის გვერდითაა. მან თქვა: ”არა, მშვენიერ ქართულ სკოლაში არ წავალთ!”. რატომ?! იმ უბრალო მიზეზით, რომ საკუთარი ენა, კულტურა და დამწერლობა ისედაც მშვენივრად მეცოდინება. და ის არ დაუშვებს, რომ მისმა ქალიშვილმა, თინა კანდელაკმა, მშობლიური ენა არ იცოდეს. აი, რუსული ენისა და კულტურის შესწავლა კი თუნდაც იმისთვის ღირს, რომ თვალსაწიერი გავიფართოვო და, როგორც მაშინ მამაჩემმა თქვა, ”მეშჩანად არ გავიზარდო”.
ამიტომ ხელჩაკიდებული, ბაფთებითა და დაფდაფებით, გზადაგზა ქართული ღვინის წრუპვით, ნათესავებმა 121-ე საშუალო სკოლაში მიმიყვანეს, რომელიც, როგორც მახსოვს, „მერვე პოლკში“ მდებარეობდა (ასე ეძახდნენ ჩვენს რაიონს). და სწორედ ამ სკოლიდან დაიწყო ჩემი განათლება, რასაც ოდნავაც არ ვნანობ. მართლაც ვკითხულობდი ქართულ ლიტერატურას, ვისწავლე ქართული ენა, ყოველთვის ვამაყობდი ჩემი ეროვნებით, ჩემი ენითა და კულტურით. მაგრამ რუსულმა ენამ ჰორიზონტი გამიფართოვა და საშუალება მომცა, ამერჩია – სად მეცხოვრა და სად ამეწყო კარიერა. ერთი სიტყვით, ბევრად უფრო დიდი არჩევანი მომცა, ვიდრე მხოლოდ ქართული ენის ცოდნით მექნებოდა. ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა ლიტერატურამ, ჩემს ბავშვობაში კი დიდი მწერლების წიგნების წაკითხვაც კი, სამწუხაროდ, მხოლოდ რუსულ ენაზე შეიძლებოდა.
რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მარტივად აიხსნას: მიხეილ ნიკოლოზის ძემ ასე გადაწყვიტა იმიტომ, რომ ინგლისურენოვან სამყაროზეა ორიენტირებული. ანუ სკოლაში ახლა რომ მივყავდე, ჩემს მშობლებს არჩევანი ქართულ და ინგლისურ სკოლებს შორის ექნებოდათ. ქართულ სკოლებშიც ახლა ინგლისური ენის მეტი საათებია, ვიდრე ჩემს დროს იყო. ალბათ, საქართველოს მართლაც აძლევენ გრანტებს, ქართველ ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ, საზღვარგარეთ, ამერიკაში ისწავლონ, სადაც განათლება ბევრად უფრო ხარისხიანია. მაგრამ როგორც ადამიანმა, რომელიც ბიზნესს მოსკოვში აწარმოებს, შემიძლია, გითხრათ, რომ იმ დასავლეთელი სპეციალისტების რიცხვი, რომლებსაც რუსეთში (მოსკოვში და სხვა მილიონიან ქალაქებში) სამუშაოზე მოწყობა სურთ, სულ უფრო იზრდება. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთში დიდი შესაძლებლობებია და, ამასთან, არცთუ ბევრი პროფესიონალი. მსოფლიოში კი კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ იმედი, თითქოს „Morgan Stanley“-ს ოდესმე ქართველი ჩაუდგება სათავეში, მეტისმეტი თავდაჯერებულობაა. სხვათაშორის, ქართველები ახერხებდნენ რუსული ბანკების შექმნას და მათ სათავეში ჩადგომას, და ბევრი ფულის შოვნას, თანაც – არაერთგზის! ამიტომ თქვენი გადასაწყვეტია, ფორმას აირჩევთ თუ შინაარსს...
კიდევ ერთხელ მეტისმეტად ემოციური რომ არ გამოვჩნდე, ვცდილობ, საქართველოს განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინს დავუკავშირდე, რომელსაც შეუძლია ეს ინფორმაცია დაადასტუროს ან უარყოს.
თინა კანდელაკი
ტელეწამყვანი, საზოგადო მოღვაწე