აქტუალური
ნატოსთვის საქართველო კვლავ რუსეთთან უთანხმოების თემად რჩება

NATO-rasmusenთბილისი, 20 აპრილი, საქინფორმი. ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ნატომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთთან პრინციპული უთანხმოება აქვს საქართველოზე.

„ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ის სფეროებიც, სადაც კვლავ გვაქვს პრინციპული უთანხმოებები – ერთი ასეთი საკითხია საქართველო, სადაც ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თავის გახსნით სიტყვაში.

ალიანსის გეგმები ევროპაში ანტისარაკეტო ფარის შექმნის თაობაზე „კიდევ ერთი საკითხია, სადაც ჩვენ შეთანხმებამდე ჯერ ვერ მივედით“, – დასძინა რასმუსენმა.

ნატო-რუსეთის საბჭოს თავმჯდომარის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრებმა მთავარ საკითხებზე არსებული უთანხმოებებიც განიხილეს, თუმცა განცხადებაში არაფერია ნათქვამი  ამ უთანხმოებების დეტალებზე.

რასმუსენმა პრესკონფერენციაზე, ასევე, განაცხადა, რომ 10 წლის წინ ნატო-რუსეთის საბჭოს ჩამოყალიბების შემდეგ ალიანსმა და მოსკოვმა პროგრესს მიაღწიეს ცალკეულ სფეროებში, ზოგიერთი მიმართულებით კი „ნელა მივიწევთ წინ, თუმცა საერთო ჯამში წინ წავიწიეთ“.

რასმუსენმა, ასევე, განაცხადა, რომ ნატო-რუსეთის საბჭო ღირებული ფორმატია ნებისმიერ დროს ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის და „ვინაიდან დიალოგი ყოველთვის ადვილი არ არის, ჩვენ განვაგრძობთ ვარიანტების ძიებას“.