თბილისი, 20 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველო ავღანეთში ალიანსის ჩართულობის მხარდაჭერას 2014 წლის შემდგომაც გააგრძელებს. ამის შესახებ ვაშაძემ ნატოს შტაბ-ბინაში „ISAF“-ის ფორმატში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე განაცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მოკავშირეებმა და ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ავღანეთთან დაკავშირებით ნატოს ლისაბონის სამიტისა და ბონის კონფერენციის გადაწყვეტილებებისადმი ერთგულება კვლავ დაადასტურეს.
ამასთან, მათ ავღანეთში მიმდინარე გარდამავალი პერიოდის მხარდაჭერის აუცილებლობას ხაზი გაუსვეს და ძირითადი აქცენტები 2014 წლის შემდგომ ავღანეთში საერთაშორისო საზოგადოების გრძელვადიანი ჩართულობის აუცილებლობაზეც გააკეთეს.„ISAF“-ის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა ავღანეთში მიღწეული პროგრესის და, ზოგადად, ქვეყანაში უსაფრთხოების შენარჩუნების, ისევე, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს.
ამასთან, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ავღანეთის ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების, კერძოდ, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მნიშვნელობასაც.
შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებების თანახმად, 2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რომლებიც ავღანეთში ალიანსის გრძელვადიანი ჩართულობის პრინციპებს განსაზღვრავს.
თავის გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ალიანსის ავღანური მისიის წარმატების მნიშვნელობა აღნიშნა და დაადასტურა, რომ საქართველო ავღანეთში ალიანსის ჩართულობის მხარდაჭერას 2014 წლის შემდგომაც გააგრძელებს.