სამართალი
სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭების პირობები იცვლება

metodika-ocenkiთბილისი, 20 აპრილი, საქინფორმი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია იხვეწება.

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ოჯახების შეფასების სისტემიდან ამოიღონ ხანგრძლივი მოხმარების შემდეგი საგნები: კომპიუტერი, მტვერსასრუტი, მუსიკალური ცენტრი და ტოსტერი. აღნიშნული ინიციატივა უახლოეს მომავალში მთავრობის სხდომაზეც განიხილება.

ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა.

„ოჯახებში სტუმრობის მიზანი იმის დანახვა იყო, რამდენად რეალურად ასახავს შეფასების ქულათა სისტემა გაჭირვებული ადამიანების მდგომარეობას და მათ წინაშე მდგარ პრობლემებს. ძალიან ბევრმა ადამიანმა აღნიშნა, რომ გარკვეული საოჯახო ტექნიკა მნიშვნელოვნად გაიაფდა და დღეს აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგნებს. ამ საგნების ასახვა ოჯახის დეკლარაციაში ოჯახს ქულებს უმატებს და ოჯახმა ამის გამო შეიძლება სოციალური დახმარება და სახელმწიფო სადაზღვევო პოლისი დაკარგოს“, – აცხადებს ჭიაბერაშვილი, რომელიც დღეს გორში ესტუმრა ნაფიშვილების მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც სწორედ მსგავსი პრობლემა აქვს.

ისინი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2008 წლიდან არიან რეგისტრირებულნი. მათ მინიჭებული აქვთ ე.წ. ქულათა შეფასების სისტემის ზედა ზღვარზე – 70 000-ზე, მაღალი სარეიტინგო ქულა, რის გამოც ვერ სარგებლობენ საარსებო შემწეობითა და სამედიცინო დაზღვევით. ნაფიშვილებმა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახის სტატუსი ვერ მოიპოვეს იმის გამო, რომ სამთავისი-გორის ეპარქიამ, როგორც მრავალშვილიან ოჯახს, საჩუქრად გადასცა პერსონალური კომპიუტერი. ასევე, მეხუთე შვილის შეძენისას შპს „ავერსისგან“ მიიღეს ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით.

მოგვიანებით, მინისტრი გორში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებსაც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფლობის გამო მონაცემთა ერთიან ბაზაში მაღალი ქულები ერიცხებათ. შეხვედრის მონაწილეებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც შანსს აძლევს მსგავს პირობებში მყოფ მოქალაქეებს, მიიღონ სოციალური დახმარება სახელმწიფოსგან.

ცნობისთვის: სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მოქმედი მეთოდოლოგია შეიქმნა მსოფლიო ბანკის მიერ 2007 წელს ჩატარებული შინამეურნეობების ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების კვლევის ბაზაზე.