პუბლიკაციები
თურქი-მესხები: საღი აზრიდან გამომდინარე

analit-tatoთურქი-მესხების საქართველოში დაბრუნების საკითხი ოცდაათ წელზე მეტია, დღის წესრიგში დგას. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა 1989 წლის ფერღანის ტრაგედიის შემდეგ, როდესაც უზბეკებსა და თურქ-მესხებს შორის ჩხუბი, რომლის დროსაც ახალგაზრდა უზბეკი დაიღუპა, ეთნიკურ დაპირისპირებასა და მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში გადაიზარდა. თურქმა-მესხებმა ბევრი თვისტომი დაკარგეს, უსახლკაროდ დარჩნენ და საბჭოთა კავშირმა ისინი ხელმეორედ გამოაძევა – ამჯერად უზბეკეთიდან.

შეგახსენებთ, რომ მათი პირველი გადასახლება 1944 წელს მოხდა. თურქი მესხები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის მოსაზღვრე რაიონებში (სამცხე-ჯავახეთი) ცხოვრობდნენ, მტრისათვის ხელის შეწყობის ბრალდებით იძულებით იქნენ დეპორტირებული ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში, სადაც ისინი ცალ-ცალკე დაბებში განასახლეს.

ამასთან, სხვადასხვა წყარო დეპორტირებულთა განსხვავებულ რაოდენობას ასახელებს – 90-დან 200 ათასამდე. არ არსებობს საერთო აზრი იმის თაობაზეც, ვინ გადაასახლეს ავბედით 1944-ში. რა თქმა უნდა, მკვლევარებთან კამათი ძნელია, მაგრამ მინდა, 1939 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები მოვიხმო, რომელთა მიხედვით, ახალციხის რაიონში 55 490 ადამიანი ცხოვრობდა. მაშ, სინამდვილეში რამდენი თურქი-მესხი მოწყვიტეს იძულებით თავის საცხოვრებელ ადგილს?

საერთაშორისო ორგანიზაციები შესაშური თანამიმდევრულობით შეგვახსენებენ, რომ 1999 წელს, ევროპის საბჭოში შესვლისას, საქართველომ ვალდებულება იკისრა, ორი წლის განმავლობაში მოემზადებინა კანონი თურქი-მესხების რეპატრიაციის შესახებ და მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მათი დაბრუნებისთვის ორგანიზება გაეკეთებინა. და სახელდება ციფრი – დაახლოებით 300 ათასი(?) ადამიანი, რომლებსაც საქართველომ, ევროპის საბჭოში გაწევრების პირობების თანახმად, შესაძლებლობა უნდა მისცეს და ყველა პირობა შეუქმნას ისტორიულ სამშობლოში დასაბრუნებლად.

ახლა საქართველოს ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებენ, რომ ის შეგნებულად აჭიანურებს თურქი-მესხების დაბრუნების პროცესს, ხოლო 2007 წელს მიღებულ კანონს რეპატრიაციის შესახებ დეკლარაციულად მიიჩნევენ, რომელიც მხოლოდ ევროპის საბჭოს პრეტენზიების მოსახსნელად იქნა მიღებული.

საერთოდ, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენს ლიდერებს ყველასათვის თავის მოწონების მცდელობები ღუპავს. რა თქმა უნდა, ძნელია მტკიცება, მაგრამ ვფიქრობ, 1999 წელს მათ ამომრჩევლების წინაშე წატრაბახება მოუნდათ და ვალდებულებები ისე იკისრეს, რომ საკითხის მთელი სირთულე არ გაუცნობიერებიათ, მერე კი მათი შესრულების გაჭიანურების გზების ძიება დაიწყეს. გადაწყვეტილების მიღებისას მმართველი პარტია არ დაინტერესებულა, როგორ შეხვდებოდა ქართველი საზოგადოება, მისი ავტორიტეტული წარმომადგენლები საქართველოში თურქი-მესხების დაბრუნებას საერთოდ, და განსაკუთრებით – იმ რაიონებში, საიდანაც ისინი გადაასახლეს. ამგვარი რამ პოსტსაბჭოთა სივრცეში, სამწუხაროდ, ხშირად ხდება.

და ცოტა ვინმე თუ უფიქრდება, რომ უსამართლობაა, პოლიტიკოსთა შეცდომების გამო მთელი ქვეყანა კუთხეში მიიმწყვდიო. ყველას შესანიშნავად ესმის, რომ თურქი-მესხების პირველი არაადამიანური დეპორტაციის შემდეგ განვლილ თითქმის 70 წელიწადში როგორც მსოფლიოში, ისე რეგიონში ბევრი რამ შეიცვალა. დიახ, ამ ადამიანების სწრაფვა იქ დაბრუნებისაკენ, საიდანაც ისინი უმოწყალოდ გააძევეს, უდავოდ საფუძვლიანია. თუმცა არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ის რეალიებიც, რომლებიც 1989 წლის ფერღანის ტრაგედიის შემდეგ მოხდა.

„საქართველოში 300 ათასი თურქი-მესხის დაბრუნების“ ყველა ამ მოწოდების უკან ცეცხლთან თამაში იგრძნობა. ამიტომ სანამ ვიკითხავთ, რა უშლის ხელს საქართველოს ხელისუფლებას თურქი-მესხების დაბრუნების ორგანიზებაში, მოდი, ერთად დავფიქრდეთ:

– განა შეუძლია პატარა ქვეყანას, რომელიც ომების შედეგად თავისი ტერიტორიის 20%-ს ვერ აკონტროლებს და მიწების უკმარისობას განიცდის, დამატებით განათავსოს, გამოკვებოს და მოაწყოს 300 ათასი ადამიანი?

– სამართლიანია, დაჟინებით მოსთხოვო ოთხმილიონიან სახელმწიფოს, რომელსაც 500 ათასი საკუთარი დევნილი ჰყავს, დააბრუნოს 300 ათასი რეპატრიანტი, რომლებით სტალინის რეჟიმმა 70-ოდე წლის წინათ განდევნა?

– სომხეთ-თურქეთის დაპირისპირების გათვალისწინებით, განა გონივრულია 300 ათასი თურქი-მესხის დაბრუნება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას სომხები შეადგენენ?

– რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, როგორ მოეკიდება მართლმადიდებელი რუსეთი საქართველოში კიდევ 300 ათასი მუსლიმანის გადმოსახლებას?

გარდა ჩამოთვლილი კითხვებისა, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა თურქი-მესხების დაბრუნებისა და ყოფილ გადასახლებულთა გარკვეული რაოდენობის დასავლეთ საქართველოში განსახლებისკენ.

ზუგდიდის ტრესტ „ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის“ ყოფილი მთავარი ინჟინერი ილია დარასელია იხსენებს: „საქართველოს სსრ მთავრობისგან სასწრაფო დაკვეთა მივიღეთ თურქი-მესხებისთვის სახლების მშენებლობაზე. 1989-1990 წლების განმავლობაში სოფლებში – ნარაზენი და ხეცერა – 40 სახლი ავაშენეთ, მთელი ორი ქუჩა. ქვის ორსართულიანი სახლები იყო, 240 კვ მ ფართობის. იქ ფერღანის ველზე ჟლეტას გადარჩენილი თურქი-მესხები ჩაასახლეს და ჩაის პლანტაციებში სამუშაოც მისცეს. მაგრამ საბოლოოდ ისინი ახალ ადგილს მაინც ვერ შეეგუენ. ადგილობრივი მოსახლეობისა და რეპატრიანტების მენტალიტეტი იმდენად განსხვავდებოდა, რომ მათ გვერდიგვერდ თანაცხოვრება ვერ შეძლეს. და ორი წლის განმავლობაში თურქმა-მესხებმა ზუგდიდის რაიონი დატოვეს და, როგორც ჩემთვის ცნობილია, კრასნოდარის მხარეში გადასახლდნენ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ისინი არავის გაუყრია, ახალი საცხოვრებელი ადგილი მათ ნებაყოფლობით მიატოვეს“.

მოდი, გულახდილად თქვათ, რომ ქართველებსა და თურქ-მესხებს შორის მენტალური შეუთავსებლობა არსებობს. და, ჩემი აზრით, მიზეზი სხვადასხვა სარწმუნოებაში არ უნდა ვეძებოთ. მიზეზი უფრო ეროვნული თვითშეგნების განსხვავებებშია. ქართველი საზოგადოება დღემდე სიფრთხილით ეკიდება თურქი-მესხების დაბრუნებას, მათი ლიდერების აგრესიულ პოზიციას. ამ სიფრთხილეს გარკვეული საფუძველი აქვს.

მოვიხმობ რამდენიმე ფრაგმენტს იერუსალიმის უნივერსიტეტთან არსებული ტრუმენის სახელობის მსოფლიოს პრობლემების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის, დოქტორ რეუვენ ენოქის (ისრაელი) პუბლიკაციიდან „თურქი-მესხები – ლაშქრობა სამშობლოში“.

დოკუმენტში, რომელიც 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, არის მიღებული: „ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების მუსლიმანური მოსახლეობის დელეგატთა გადაწყვეტილება“, ნათქვამია: „საქართველოს შემადგენლობაში მუსლიმანური მოსახლეობის მშვიდობიანი ცხოვრების შეუძლებლობის გამო ეთხოვოს თურქეთის მთავრობას, მიუერთოს თურქეთს ახალციხის მაზრა და ახალქალაქის მაზრის ნაწილი... და ამ დღიდან ეს ტერიტორიები თურქეთის ნაწილად ჩაითვალოს“.

ან როგორ არ გაგვახსენდეს ცნობილი „ლაშქრობა სამშობლოში“, როდესაც 1990 წლის აგვისტოს დასაწყისში დაახლოებით ათას ხუთასი თურქი-მესხი ადლერში ჩავიდა და საქართველოში გამომგზავრებას აპირებდა.

ეს იყო პროვოკაცია, რომელსაც შესაძლოა, დიდი მსხვერპლი მოჰყოლოდა. საქართველოში თურქი-მესხების „ლაშქრობის“ წინააღმდეგ ყველა ამხედრდა, როგორც ოფიციალური ხელისუფლება, ისე ეგრეთ წოდებული არაფორმალური გაერთიანებები. 8 აგვისტოს სოფელ ლესელიძეში, ზედ საზღვართან მდებარე მოედანზე, აფხაზეთის ქალაქებისა და სოფლების რამდენიმე ათასი მცხოვრები შეიკრიბა და სტიქიური მიტინგი ჩაატარა, რომლის მონაწილეებმა მიმართეს მრავალეროვნული რეგიონის ყველა მცხოვრებს –  გზა გადაეკეტათ „დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის“. მეორე დღეს ლესელიძეში ხალხი მთელი დასავლეთ საქართველოდან ჩავიდა.

შეტაკების თავიდან აცილებას როგორც ოფიციალური ხელისუფლების, ისე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობდნენ. დაბოლოს, 10 აგვისტოს, თურქი-მესხების, აფხაზეთისა და ქალაქ სოჭის  ხელმძღვანელობის წარმომადგენელთა სამმხრივ თათბირზე მიღწეულ იქნა შეთანხმება დაგეგმილი ლაშქრობის გადადების თაობაზე.

როგორც ქალაქ სოჭის მერმა „იზვესტიას“ კორესპონდენტს აცნობა, მათ შეძლეს, დაერწმუნებინათ „ვათანის“ ლიდერები, რომ მათი მხრიდან უფრო გონივრული იქნება, დაიშალონ და პრობლემის ოფიციალურ დონეზე გადაჭრას დაელოდონ.

დაძაბულობა კიდევ რამდენიმე დღეს შენარჩუნდა, სანამ სოჭის ხელმძღვანელობის აქტიური მონაწილეობით ქალაქი თურქი-მესხების ბოლო ჯგუფებმაც არ დატოვეს. დიახ, იმ მომენტიდან, როდესაც 1999 წლის 19 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველო 41-ე წევრად მიიღო, 12 წელიწადზე მეტი გავიდა. დიახ, საქართველოს ხელისუფლებამ ვალდებულება იკისრა, ორი წლის განმავლობაში მოემზადებინა კანონი თურქი-მესხების რეპატრიაციის შესახებ და მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მათი დაბრუნებისთვის ორგანიზება გაეკეთებინა...

მაგრამ – ღმერთმა გონება მოგვცა და ამით უბედურებებისგან დაგვიცვა. რეალისტები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ თურქი-მესხების დაბრუნების პრობლემა ხელის ერთი დაკვრით არ გადაიჭრება. ვალდებულებების შესრულებისაკენ მთელი ეს მოწოდებები, ექსპერტთა კამათი იმის თაობაზე, ვინ მართალია და ვინ – დამნაშავე, შედეგს არ მოიტანს.  იმ საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც ისტორიულ წარსულთან არის დაკავშირებული და გავლენას ახდენს იმაზე, რაც დღეს ხდება, პოლიტიკურ ნებას უკავშირდება. გამოავლენენ პოლიტიკურ ნებას – და ამ მიმართულებით წინ წაწევას გადაწყვეტენ. ან, დავუშვათ, არ გამოავლენენ და დაცდას ამჯობინებენ.

უნდა ვაღიაროთ, რომ მთელი ქართველი საზოგადოება ჯერჯერობით ამ პრობლემის გადაწყვეტისათვის მზად  არ არის. ვვარაუდობ, რომ თურქი-მესხების რეპატრიაციის საკითხი, რომელთა უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცხოვრობს, რუსეთის მონაწილეობის და, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ხელშეწყობისა და გაგების გარეშე ვერ გადაწყდება. საჭიროა სიტუაციის უფრო დეტალურად გაანალიზება, მომავალზე ორიენტაციის აღება და ქარიშხლისებური ნახტომის ნაცვლად ზომიერი ნაბიჯებისთვის უპირატესობის მინიჭება – გადაწყვეტილებების განსაკუთრებული სიფრთხილით მიღება. ცხოვრება მაინც თავისას გაიტანს და მოვლენათა ლოგიკა მხარეებს აიძულებს, საღი აზრიდან გამომდინარე იმოქმედონ.

 

ტატო ლასხიშვილი

გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ მთავარი რედაქტორი