თბილისი, 19 აპრილი, საქინფორმი. „საქართველოს მთავრობა ქმნის ახალ – რეფორმებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ქვეყანაში გატარებული რეფორმების მსოფლიოს მასშტაბით პოპულარიზაციისა და გაზიარების მიზნით“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ბრაზილიაში 17 აპრილს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (Open Government Partnership – OGP) პირველი მაღალი დონის სამიტზე.
OGP ამერიკული ინიციატივაა და იმ 50-ზე მეტი ქვეყნის მთავრობებს აერთიანებს, საქართველოს ჩათვლით, რომელთაც გამჭვირვალობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ვალდებულება იკისრეს.„ეს [რეფორმებისა და თანამშრომლობის სააგენტო, ინგლისური აბრევიატურით – GRAPE] არის კომპანია, რომლის საშუალებითაც ჩვენ გვინდა, ჩვენი რეფორმების ექსპორტი განვახორციელოთ. ამავე დროს, გთავაზობთ, რომ „GRAPE“-ის [დაგეგმილი] ვებგვერდი თქვენი რეფორმების გაზიარების პლატფორმად გამოიყენოთ“, – განუცხადა გილაურმა „OGP“-ის სამიტის მონაწილეებს ბრაზილიაში.
ახალი სააგენტოს შექმნის მარეგულირებელი კანონპროექტი ამჟამად პარლამენტის მიერ დამტკიცების პროცესშია; სააგენტოს მიზანია ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებისათვის ინფორმაციის კოორდინირებულად მიწოდება, ცალკეულ დაინტერესებულ სახელმწიფოში ქართული რეფორმებისა და ინოვაციების გავრცელების უზრუნველყოფა, ქართული რეფორმებისა და ინოვაციების, როგორც ქართული ბრენდის, მსოფლიოში დამკვიდრების ხელშეწყობა.
„OGP“-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გილაურმა საქართველო „ღია მმართველობის და გამჭვირვალობის საუკეთესო მაგალითად“ შეაფასა.
„OGP“-ის ინიციატივის მიხედვით, სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით საქართველოს მთავრობამ სამოქმედო გეგმა (pdf ფორმატში) შეიმუშავა, რომელიც ქვეყნის 2012-2013 წლის ამოცანებს ასახავს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის, ასევე, მოქალაქეებისთვის საჯარო მომსახურების შემდგომი გამარტივების თვალსაზრისით.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, რომელიც, ასევე, ესწრება „OGP“-ის კონფერენციას, განაცხადა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმის შედგენისას მთავრობამ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყველა რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, საერთო ჯამში, სამოქმედო გეგმა კარგია. მისი თქმით, საქართველოს კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი გამჭვირვალობის თვალსაზრისით.
თავის გამოსვლაში გილაურმა განაცხადა, რომ მოქალაქეებისთვის საჯარო მომსახურების გაწევის თვალსაზრისით საქართველო უკვე გასცდა ერთი ფანჯრის პრინციპს მას შემდეგ, რაც გასული წლიდან იუსტიციის სახლების გახსნა დაიწყო, სადაც მოქალაქეს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მომსახურების მიღება ერთ შენობაში შეუძლია. ამჟამად იუსტიციის სახლები საქართველოს ოთხ ქალაქში ფუნქციონირებს და წელს კიდევ ოთხის გახსნა იგეგმება, მათ შორის, თბილისში, ხოლო 2013 წლისთვის კიდევ ოთხი იუსტიციის სახლი ამოქმედდება.
საჯარო მომსახურების კუთხით გილაურმა თავის გამოსვლაში ისაუბრა სექტემბრიდან თბილისში „Just Drive“-ის მომსახურების დაწყების გეგმაზეც.
„წარმოგიდგენიათ, რომ მოქალაქე ისე იღებს ყველა ტიპის საჯარო მომსახურებას, რომ მანქანიდანაც არ გადმოდის?“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.