თბილისი, 18 აპრილი, საქინფორმი. „საქართველო ღია ცის ხელშეკრულებიდან არ გამოსულა, მან მხოლოდ რუსეთის მიმართ ვალდებულებების შესრულება შეაჩერა“, – განაცხადა ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ. საქართველომ რუსეთის ფედერაციის წინაშე ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში თავისი ვალდებულებების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 2012 წლის 3 აპრილს მიიღო და მას შეთანხმების ყველა მონაწილე გაეცნო. „საქართველო არ გამოსულა ამ შეთანხმებიდან, რომელსაც ეუთოს წევრმა ქვეყნებმა მოაწერეს ხელი და რომლის მთავარი პრინციპია გამჭვირვალობა. შეთანხმების მონაწილეებს მიმღები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეთ ინსპექტირების შესაძლებლობა. რუსეთის ხელისუფლებამ ეს პირობა 2010 წელს დაარღვია, როდესაც ინსპექტირების მიღებაზე უარი განაცხადა“, – აღნიშნა ნინო კალანდაძემ.