საზოგადოება
ავიგდორ ესკინი: „ხუბუტიას წასვლის შემთხვევაში ქართული დიასპორა ბევრს დაკარგავს“

avigdor121თბილისი, 18 აპრილი, საქინფორმი. რამდენიმე წუთის წინ საქინფორმს ცნობილმა ისრაელელმა პუბლიცისტმა ავიგდორ ესკინმა თავისი წერილი გადმოუგზავნა, რომელიც საგანგებოდ ჩვენი სააგენტოსთვის დაწერა და რომელსაც უცვლელად ვაქვეყნებთ:

„მიხეილ ხუბუტიამ „რუსეთში ქართველთა კავშირის“ ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. მის მიერ ხუთი წლის წინ შექმნილმა გაერთიანებამ ჰუმანიტარულ და საგანმანათლებლო მუშაობაში ჩართო მოსკოვის ქართული დიასპორის ისეთი გამოჩენილი ფიგურები, როგორებიც არიან დიდი თეატრის სოლისტები ზურაბ სოტკილავა და მაყვალა ქასრაშვილი, მოქანდაკე ზურაბ წერეთელი, კარდიოქირურგი იური ბუზიაშვილი, პოპულარული მომღერლები დიანა ღურწკაია, სოსო პავლიაშვილი და მრავალი სხვა.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი პროექტი იმ ქართველების ხსოვნის უკვდავყოფის თაობაზე, რომლებმაც რუსეთის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ეს პროექტი მან ცნობილ ქირურგ ლეო ბოკერიას მიანდო. „რუსეთში ქართველთა კავშირის“ საპატიო წევრები იყვნენ სახელგანთქმული მევიოლინე ვლადიმერ სპივაკოვი და მომღერალი იოსებ კობზონი.

ხუბუტია რუსეთსა და საქართველოს შორის ხიდების გადებას იმ წლებში ცდილობდა, როცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობამ უდაბლეს ნიშნულს მიაღწია. მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისების აღდგენა მნიშვნელოვანწილად მისი პირადი დამსახურებაა. მიუხედავად ორ ხალხს შორის ურთიერთობის გაციებისა, ხუბუტია კვლავაც დაახლოების აუცილებლობის იდეას იცავდა. მისი აზრით, საქართველოსთვის, მისი ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად, რუსეთთან პარტნიორობას ალტერნატივა არ გააჩნია, ხოლო რუსეთს ქართველებთან თანამშრომლობა კავკასიაში თავისი პოლიტიკის წარმატებით გასატარებლად სჭირდება.

ხუბუტიას წასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „რუსეთში ქართველთა კავშირის“ საქმიანობის გაგრძელებას. ალტერნატიული ფიგურის არარსებობამ შესაძლოა იქამდე მიგვიყვანოს, რომ ორგანიზაციის რეგიონული აქტივისტები შეეცდებიან, ცნობილი ბიზნესმენი და ფილანტროპი კავშირის სათავეში დაბრუნებაზე დაიყოლიონ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო არჩევნებზე ხუბუტია ღიად უჭერდა მხარს ვლადიმერ პუტინს, მოსკოვში გრუზინოფობი ელემენტები (მაქსიმ შევჩენკო და მისთანანი) მას გამუდმებით ადანაშაულებდნენ ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. ხოლო საქართველოში შოვინისტური წრეები „ФСБ“-თან თანამშრომლობას აბრალებდნენ. რთულია მათი ცხოვრება, ვინც დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრობის ხიდების გადებას ცდილობს. მაგრამ ისტორიულ პერსპექტივაში მათი ღვაწლი ოქროს ასოებით აღინიშნება. ამის შესახებ დამაჯერებლად წერს თავის ბლოგში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი დავით ეიდელმანი. როგორც ჩანს, ხუბუტიას წასვლის და „რუსეთში ქართველთა კავშირის“ საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში ქართული დიასპორა ბევრს დაკარგავს.