რელიგია
ისტორიულ მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

maxata-MANთბილისი, 18 აპრილი, საქინფორმი. გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით თბილისში, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ისტორიული ტაძრის მშენებლობის ადგილზე უწმიდესმა და უნეტარესმა  ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა.

ტაძრის მშენებლობის პროცესში მონაწილეობის საშუალება  ყველა მსურველს ექნება, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებსაც. აქცია ნებაყოფლობითია. მონაწილე თანხას  ყოველთვიურად იმ ოდენობით სწირავს, რის სურვილი და საშუალებაც აქვს. სახალხო აქციაში უკვე 145 ათასი ადამიანია ჩართული.

სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე  საგანმანათლებლო ცენტრი, ახალგაზრდა თაობის საკვირაო სკოლა, ღვთისმშობლის მუზეუმი, მომლოცველობის სამსახური და პილიგრიმთა სასტუმრო განთავსდება; დაარსდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი და ნარკოლოგიური ცენტრი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ და საქართველოს 38-ვე ეპარქიიდან ჩამოსულმა მრევლმა.