აქტუალური
რუსეთის საგარეო უწყება: „ვერავინ შეაჩერებს აფხაზეთის საერთაშორისო თანამეგობრობაში შესვლას“

mid-rosii111თბილისი, 18 აპრილი, საქინფორმი. რუსეთმა განაცხადა, რომ თბილისი და დასავლეთის ქვეყნები სასტიკ წინააღმდეგობას უწევენ, რათა შეაჩერონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარება, ხოლო ის ქვეყნები, რომელთაც სეპარატისტული რეგიონების აღიარება სურთ, უცერემონიო გარე ზეწოლას  განიცდიან.

„სოხუმისა და ცხინვალის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერების, მათ შორის, სხვა სახელმწიფოებთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების პროცესს საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნების სასტიკი წინააღმდეგობა ხვდება, რომლებიც მხარს უჭერენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციის რევანშისტულ გეგმებს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„ქვეყნები, რომელთაც მიუკერძოებელი მიდგომა აქვთ კავკასიაში არსებული რეალობის მიმართ, უცერემონიო გარე ზეწოლას განიცდიან. ამოქმედებულია უხეში დემარშები (მათ შორის, საკმაოდ მაღალ დონეებზე), გაფრთხილებები პოლიტიკური შედეგების შესახებ, მუქარები ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების შეწყვეტის თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს თქმით, მიუხედავად ამ ძალისხმევისა, ვერავინ შეაჩერებს აფხაზეთის შესვლას საერთაშორისო თანამეგობრობაში და მოსკოვი ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენს სოხუმს საერთაშორისო არენაზე.

განცხადება მოსკოვში აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბას სამდღიან ოფიციალურ ვიზიტს მიეძღვნა, რომელიც 16 აპრილს დაიწყო.

რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ აფხაზეთის აღიარების თაობაზე მოსკოვის ნაბიჯს კიდევ ხუთმა ქვეყანამ მიბაძა, მათ შორის, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, ვანუატუმ და ტუვალუმ.

ამ ჩამონათვალში რუსეთმა ვანუატუც დაასახელა. ამ პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოს მიერ აფხაზეთის აღიარების ირგვლივ გაურკვევლობა არსებობდა; ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2011 წლის მაისში აღიარა, თუმცა 2011 წლის ივნისში მთავრობის შეცვლის შემდეგ ეს გადაწყვეტილება უკან გაიწვია;  შემდეგ კი ერთმა ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა თითქოსდა დაადასტურა ეს აღიარება. თუმცა ივნისის ბოლოს ვანუატუ იმ ქვეყნებს შორის იყო, რომელთაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი. ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილისა და ლტოლვილის უფლებას – დაბრუნდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. თუმცა განცხადება, რომელიც აფხაზეთის აღიარებას ადასტურებს, კვლავ არის გამოქვეყნებული ვანუატუს მთავრობის ვებგვერდზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სოხუმთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება იქნება განხილული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე. უწყების თქმით, რუსეთი არის აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, არსებობის გარანტორი და თანამშრომლობა უსაფრთხოების კუთხით მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობების დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს თბილისის მიერ რევანშისტული პოზიციის გაგრძელების გამო.