სამართალი
ჩეკების გათამაშება დღეიდან იწყება

chekebis-gatamashebaთბილისი, 18 აპრილი, საქინფორმი. შემოსავლების სამსახური დღეიდან პროექტ „ჩეკების გათამაშებას“ იწყებს. 18 აპრილიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი (ნაღდი ფულით) შესყიდვის დროს მიღებული ჩეკით მოქალაქე წამახალისებელი გათამაშების მონაწილე გახდება. გათამაშდება 10, 20, 50, 100, 10 000 და 50 000-ლარიანი მოგებები. გათამაშება ჩატარდება ყოველდღე. წლის ბოლომდე სულ 9 მილიონი ლარი გაიცემა.

გათამაშების პრეზენტაცია სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართა, რომელსაც ფინანსთა მინისტრი  დიმიტრი გვინდაძე  და შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე ესწრებოდნენ. მათი განცხადებით,  „ჩეკების გათამაშებაში“ ჩართვა მარტივია. ამისათვის საჭიროა, ნებისმიერი შესყიდვის დროს მოითხოვოთ ჩეკი მაღაზიაში, ხოლო შემდეგ მარტივად გადაამოწმოთ, გახდით თუ არა იღბლიანი ქვითრის მფლობელი. აღსანიშნავია, რომ გათამაშების მონაწილე არათუ უსასყიდლოდ ერთვება წამახალისებელ ლატარიაში, მას უსასყიდლოდ შეუძლია, შეამოწმოს ჩეკის მომგებიანობაც.

შემოსავლების სამსახურმა შეიმუშავა ჩეკების მომგებიანობის შემოწმების სამი მეთოდი: გათამაშების მონაწილეს შეუძლია, ისარგებლოს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge-ზე მოცემული სპეციალური ფორმით, ასევე, გააგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება მობილური ოპერატორების (ჯეოსელი, მაგთი) დახმარებით და ისარგებლოს სწრაფი გადახდის აპარატებით (TBC Pay და NOVA).

მომგებიანობის გადასამოწმებლად საჭიროა ჩეკის ორი უნიკალური კოდის (ექვსნიშნა და რვანიშნა) შეყვანა ვებგვერდსა და სწრაფი გადახდის აპარატების სპეციალურად შექმნილ გრაფებში ან ამ კოდების გაგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებით ნომერზე – *200#. ორივე კოდი ერთად 14 ციფრისგან შედგება.

მოგებული თანხის მიღება შესაძლებელია „ლიბერთი ბანკის“, „კორსტანდარტ ბანკის“, „პრივატ ბანკის“ ან „ბაზის ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში მოგებიდან 30 დღის განმავლობაში. 10 000 და 50 000-ლარიანი მოგებები კი გაიცემა აღნიშნული ბანკების ცენტრალურ ფილიალებში. მომგებიანი ჩეკის მფლობელმა სავალდებულოა, თან იქონიოს ჩეკი და პირადობის მოწმობა.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, 10 000 და 50 000-ლარიანი მოგებების მფლობელებს არ დაუკავდებათ საშემოსავლო გადასახადი. შესაბამის თანხას გადაიხდის თავად შემოსავლების სამსახური.

„ჩეკების გათამაშებაში“ პარტნიორობას შემოსავლების სამსახურს ზემოთ ჩამოთვლილ ბანკებსა და ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს ლატარიის კომპანია უწევს, რომელმაც შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც ხდება მომგებიანი ჩეკების გამოვლენა.

„ჩეკების გათამაშების“ პარალელურად, დღეიდან იმუშავებს ცხელი ხაზი ნომრით +(995 32) 2 421 200. ასევე, გათამაშების განმავლობაში ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის მიღება შესაძლებელია „ფეისბუქის“ საშუალებით. სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი გვერდი „ჩეკების გათამაშება“ დღეიდან ამოქმედდება.