პოლიტიკა
აშშ-საქართველოს წარმომადგენლებმა დემოკრატიული რეფორმების მსვლელობა განიხილეს

usa_georgia_01თბილისი, 18 აპრილი, საქინფორმი. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი  ვაშინგტონში შეიკრიბა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების საკითხი განიხილა.

დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი ერთ-ერთი იმ ოთხი უწყებათაშორისი ორმხრივი ჯგუფია, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობის მიზნით შეიქმნა. ორ ქვეყანას შორის ქარტიას 2009 წლის იანვარში მოეწერა ხელი. ქარტია სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებად, ასევე, განსაზღვრავს უსაფრთხოებას, ეკონომიკასa და ხალხთა შორის ურთიერთობებს.

ქართულ მხარეს შეხვედრაზე წარმოადგენდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, ხოლო ამერიკულ მხარეს – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი; ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკ რუბინი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში თომას მელია.

„საუბარი შეეხო რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიღწევებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების და საარჩევნო პროცესების, მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შედგომი გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევის აღიარებას. საქართველო წელს შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებს და 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 16 აპრილს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა განცხადებაში, რომ „ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა განიხილეს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების ფართო სპექტრი, მათ შორის, ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესი“. ამავე განცხადების თანახმად, შეხვედრაზე, ასევე, განიხილულ იქნა საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა „ღია მმართველობის პარტნიორობის" ინიციატივის ფარგლებში და საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონისათვის.

ვაშინგტონში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრამდე აშშ-ის საელჩომ თბილისში 12 აპრილს საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შორის ვიდეოკონფერენციას უმასპინძლა. ვაშინგტონთან ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა; „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ; „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ და „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ, რომელთაც წინასაარჩევნო გარემოზე იმსჯელეს. მანამდე აშშ-ის საელჩომ ანალოგიურ ვიდეოკონფერენციას უმასპინძლა საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.