პოლიტიკა
ივანიშვილი: „ივნისის ბოლოს, მე გპირდებით, რომ სიტუაცია იქნება გარდატეხილი“

ivaniSvili-saCxereთბილისი, 18 აპრილი, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 17 აპრილს განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ნელ-ნელა უკან დახევა უწევს და მისი კოალიციის აქტიურობით სიტუაციის გარდატეხა მოხერხდება.

მისი პრესსამდივნოს ინფორმაციით, 21 აპრილს ივანიშვილი თავისი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაციას დიდუბის საგამოფენო ცენტრში გეგმავს.

ივანიშვილს, რომელმაც მისი პარტიის საინიციატივო ჯგუფი თებერვალში წარადგინა, კვალავაც არ აქვს უფლება, თავად დააფუძნოს პოლიტიკური პარტია, რადგან ის საფრანგეთის მოქალაქეა, ხოლო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მას არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე მისცემს, ჯერ კიდევ მისაღებია პარლამენტის მიერ. ის, თუ როგორც გადაწყდება პარტიის დაფუძნების იურიდიული მხარე, ჯერ გაურკვეველი რჩება.

„მიუხედავად კრიტიკული განწყობისა შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილების მიმართ, ივანიშვილი სრულად გამოიყენებს იმ უფლებებს, რომლებიც მას ცვლილების დამტკიცების შემდეგ მიენიჭება“, – განაცხადეს მისმა ადვოკატებმა გასულ კვირას. მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ივანიშვილის მომავალი პარტიის წევრმა არჩილ კბილაშვილმა ისიც კი განაცხადა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, ივანიშვილი მეტ სარგებელს ნახავს ამგვარი ვარიანტიდან, ვინაიდან, ერთი მხრივ, ის საფრანგეთის მოქალაქედ დარჩება, მეორე მხრივ კი, მას საქართველოში პოლიტიკური უფლებები მიენიჭება.

17 აპრილს მის მშობლიურ საჩხერეში „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისმა კოალიციამ საგარეო თვალსაზრისით წარმატების მიღწევა უკვე მოახერხა იმით, რომ მაქსიმალურად კარგად აჩვენეს „ამერიკელებსაც და ევროპელებსაც სააკაშვილის რეალური სახე, მისი ცრუ დემოკრატია“.

ოფისთან ღია ცის ქვეშ შეკრებილ მხარდამჭერებს ივანიშვილმა განუცხადა, რომ იძულების შედეგია, რომ სააკაშვილმა არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე გაუგზავნა მოწვევა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომელთა ჩამოსვლაც მათ მისცემს რეალურ საშუალებას, დააბალანსონ სააკაშვილის ძალადობა.

„რამდენიმე დღეში ჩვენ მოვახერხებთ და პრაქტიკულად ყველა რეგიონში გავხსნით ოფისს. ჩვენ გავაქტიურდებით თითოეულ შტაბში, გააქტიურებას მოახერხებს სამოქალაქო სექტორი ჩვენთან ერთად. ეს ყველაფერი კომპლექსურად მოგცემს იმის საშუალებას, რომ მაისში, ივნისის  შუა რიცხვებში და ივნისის ბოლოს მე გპირდებით, რომ სიტუაცია იქნება გარდატეხილი. ხალხს, თქვენ, მოგეცემათ საშუალება, საღად და თავისუფლად გამოთქვათ თქვენი აზრი... ჩვენ მოვახერხებთ, რომ პოლიციამ სწორი პოზიცია დაიჭიროს, ჩადგეს ხალხის სამსახურში და თავი დაანებოს საკუთარი ხალხის დათრგუნვას“, – განაცხადა მან.

თებერვლის ბოლოს ფორმირების შემდეგ კოალიციამ ქვეყნის მასშტაბით, სულ ცოტა, 36 რაიონული ოფისი გახსნა; ასევე, ცენტრალური ოფისის გარდა, 10 ოფისი გაიხსნა თბილისშიც – დედაქალაქის ყოველ საარჩევნო ოლქში.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას მაისის დასაწყისიდან დაიწყებს. მისივე თქმით, ამის შემდეგ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თავიანთ  ოლქებში საარჩევნო კამპანიას დაიწყებენ  „ქართული ოცნების“ პროგრამაზე დაყრდნობით, რომელიც იმ დროისთვის მზად იქნება.

მომავალ პარლამენტში 73 ადგილს ერთმანდატიან ოლქებში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატები დაიკავებენ, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული წესით გადანაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. სისტემით, სადაც მაჟორიტარი დეპუტატი „გამარჯვებულს ყველაფერი რჩება“ პრინციპით ირჩევა (კანდიდატმა შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 30% უნდა მიიღოს), 75 ერთმანდატიანი ოლქიდან 71-ში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მაშინ ოპოზიციის კანდიდატებმა თბილისის ორ ოლქში (ორივე „ახალი მემარჯვენეების“ კანდიდატებმა მოიგეს),  და, ასევე, ცაგერისა (სადაც მმართველ პარტიას კანდიდატი არ ჰყოლია) და ყაზბეგის ოლქებში მოიგეს არჩევნები. 2008 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, ოქტომბრის არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„ჩვენ მოვარხერხებთ იმას, რომ ხალხი გამოვიყვანოთ იმ შიშისგან, რომელსაც მოძალადე და მშიშარა სააკაშვილი ნერგავს და ქართველ ხალხს მიეცემა თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალება და ოქტომბერში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გავისტუმრებთ მშიშარა სააკაშვილს“, – განუცხადა ივანიშვილმა მხარდამჭერებს საჩხერეში, სადაც ხშირად სკანდირებდნენ – „ბიძინა, ბიძინა!“

თუმცა, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვება ოცნების ძალიან პატარა ნაწილის ასრულება იქნება და შემდგომ ძალიან ბევრი იქნება გასაკეთებელი.

მან  პირველი რიგის ამოცანებს შორის დაასახელა ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილება და დაბალანსება კონსტიტუციური ცვლილებების გზით, ასევე, რეალური თვითმმართველობის დანერგვა, რაც შესაძლებლობას შექმნის, ისწავლონ მართვა ქვემოდან და თუ არჩეული დეპუტატები ნდობას ვერ გაამართლებენ, ექნებათ მათი გამოწვევის უფლება.

მან, ასევე, განაცხადა, რომ მოსვლიდან სულ 2-3 თვეში მოხერხდება რეალური სასამართლოს აღდგენა და დაიწყება განკითხვა იმ უსამართლობის, რომელიც ხორციელდებოდა ამ რამდენიმე წლის განმავლობაში. ივანიშვილმა პრიორიტეტულ ნაბიჯებს შორის დაასახელა მედიისა და ბიზნესის გათავისუფლება ხელისუფლების ზეწოლისაგან.

„ამას დასჭირდება ძალიან ცოტა დრო. ამას რამდენიმე თვეში მოვახერხებთ სულ, – განაცხადა მან. – მე გპირდებით, რომ ძალიან მოკლე დროში შევქმნით რეალურ საინვესტიციო გარემოს, ჩვენ მოვიზიდავთ ინვესტიციებს და აღორძინდება ბიზნესი... რაც გამოიწვევს სამუშაო ადგილების სიჭარბეს“.

მისი თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა საშუალებას მისცემთ, საკუთარი ბედი, სწრაფვა  ევროატლანტიკურ სივრცეში რეალურად განხორციელდეს.

„როდესაც ჩვენ გავმაგრდებით შიგნით, დავფუძნდებით დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ავაღორძინებთ ბიზნესს, რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვეცდებით და არ შევაჩერებთ სწრაფვას ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცისაკენ... ჩვენ უსაფრთხოებასაც, ჩვენ საგარეო პოლიტიკასაც ჭეშმარიტად დავაბალანსებთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, 17 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“, რომლის ლიდერმაც რამდენიმე ლობისტური კომპანია დაიქირავა აშშ-სა და ევროპაში, განაცხადა, რომ მისი ორი წარმომადგენელი გაემგზავრა ბრიუსელსა და ვაშინგტონში, რათა საქართველოს დასავლელ პარტნიორებს ქვეყანაში არსებული რეალური ვითარება და არჩევნების წინ შექმნილი პრობლემები გააცნოს. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ იგი ვაშინგტონსა და ნიუ იორკში აშშ-ის სენატისა და აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ 17-20 აპრილს ბრიუსელსა და სტრასბურგს ეწვევა, სადაც ევროპარლამენტის წევრებს, ასევე, ევროპის საჭოსა და ნატოს წარმომადგენლებს შეხვდება.