აქტუალური
სააკაშვილის თქმით, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ყველა ადამიანი საქართველოში თავს თანაბრად წარმატებულად უნდა გრძნობდეს. „საქართველო ყველას ეკუთვნის. და ის, ვინც ეთნიკურ ქართველებად და არაქართველებად საქართველოს დაყოფას ცდილობს, პირდაპირ ემსახურება საქართველოს მტრებს. ბოლო ასწლეულის განმავლობაში ჩვენ პირველები ვქმნით კავკასიაში სრულიად თანამედროვე, ჩვენი ეპოქის შესაბამის სახელმწიფოს. და ამ თანამედროვე სახელმწიფოებრიობის პირველი ნიშანი ის არის, რომ ქვეყნის ყველა მცხოვრები მასში თანასწორუფლებიანად უნდა იყოს წარმოდგენილი“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
„ქართული ენა – ეს არის ქართული სახელმწიფოს შიგნით ინტეგრაციის ინსტრუმენტი, იმ მიზნით, რომ ყველა თანასწორი იყოს და ცხოვრებაში თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ. მაგრამ მთავარია საქართველოს უკლებლივ ყველა მცხოვრების მიერ ქართული ენის შესწავლა. ამიტომ მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ასე განაგრძეთ, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მასწავლებლებს კიდევ უფრო უკეთესი პირობები შევუქმნათ. ჩვენ მიერ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.