საზოგადოება
გია ყრუაშვილის საგანგებო განცხადება

saz-yruashviliiთბილისი, 17 აპრილი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პარტიის რეგიონულმა მდივანმა საგანგებო განცხადება გაავრცელა ეთნიკურ, სექსუალურ, რელიგიურ და სხვა სახის უმცირესობებთან მის მიმართებასთან დაკავშირებით, რომლის ტექსტსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო დროს საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხირდან გაისმა ბრალდებები ჩემს ქსენოფობიურ და ჰომოფილიურ შეხედულებებთან დაკავშირებით. მსურს, ვუპასუხო აღნიშნულ ბრალდებებს:

1. მე, გია ყრუაშვილი, არასდროს ვყოფილვარ და არც მომავალში ვიქნები ეთნიკური, სექსუალური, რელიგიური თუ სხვა სახის უმცირესობების წინააღმდეგ „ცეცხლით და მახვილით“ ბრძოლის მომხრე. პირიქით, მე და ჩემი პარტია „თავისუფალი საქართველო“ ვაღიარებთ იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც სხვადასხვა ტიპის უმცირესობებთან მიმართებაში დაწესებულია მსოფლიოს დემოკრატიული ნაწილის მიერ;

2. ჩემი არცერთი განცხადება არ ყოფილა ქსენოფობიური ან ჰომოფილიური შინაარსის შემცველი. სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებაში ჩემი პოზიციები სრულ თანხვედრაშია ქართველი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობებთან: ნებისმიერ სახის გარყვნილების პროპაგანდა მასმედიის თუ სხვა საშუალებების გამოყენებით დაუშვებლად მიმაჩნია. სხვა მხრივ, ჩემთვის აბსოლუტურად ინტერესმოკლებულია კონკრეტული პირების პირადი ცხოვრება და მათი სექსუალური შეხედულებები;

3. მიუღებლად მიმაჩნია, ქსენოფობიად მითვლიდნენ განცხადებას, რომელიც ასახავდა ფაქტებს და არა ჩემს ინტერპრეტაციებს გარკვეული თემის გარშემო. მართლაც, ჩვენს ქვეყანაში და, განსაკუთრებით, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ეთნიკურ უმცირესობებს და მე მიუღებლად მიმაჩნია საკუთარი ეროვნების დაფარვის მიზნით გვარის გადაკეთების ტენდენცია, რაც შესამჩნევია. ვთვლი, რომ ისეთი ღირსეული ერის შვილებს, როგორიც არიან სომხები, აზერბაიჯანელები თუ სხვა ეთნოსის წარმომადგენლები, ნამდვილად არ უნდა რცხვენოდეთ თავისი ნაციონალობის;

4. ყოვლად გაუმართლებელია ორმაგი სტანდარტების პრინციპით ხელმძღვანელობა! თუნდაც ერთ მხარეს იდგეს რიგითი ქართველი გია ყრუაშვილი და მეორე მხარეს – საქართველოს პრეზიდენტი. დიახ! სწორედ მიხეილ სააკაშვილია ის პიროვნება, რომელმაც შავკანიან ადამიანებს „ველური ზანგები“ უწოდა, თუმცა ის არასამთავრობოები, რომლებიც მე დღეს ქსენოფობიაში მადანაშაულებენ, არ დაინტერესებულან ქვეყნის პირველი პირის პოზიციებით და მე მათგან ერთი კითხვაც არ მომისმენია ამ თემის გარშემო დასმული.

დასასრულ, მსურს მივმართო ჩვენს მოძმე სომეხ, აზერბაიჯანელ, რუს, ბერძენ და სხვა ნაციონალობის თანამოქალაქეებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებს, არ აჰყვნენ „დემოკრატიის“ ნიღაბსამოფარებულ ფსევდოლიბერალ ცილისმწამებლებს.

ვთხოვ ყველა დაინტერესებულ პირს, გაეცნოს ამ განცხადებას, რათა არ დარჩეს რაიმე გაურკვეველი საკითხი, ვინაიდან მე აღარ ვაპირებ ამ თემაზე ვინმესთან საჯარო დისკუსიაში შესვლას.

პატივისცემით, გია ყრუაშვილი“