აქტუალური
14 აპრილის გახსენება

gancxadeba4თბილისი, 17 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „ქართული ოცნების“ პრესსამდივნოდან შეატყობინეს, კოალიცია დედაენის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

„1978 წლის 14 აპრილს ქართველმა ახალგაზრდებმა – სტუდენტებმა და მოსწავლეებმა, საქმით და არა სიტყვით, დაუდასტურეს ქართულ ენას გულწრფელი ერთგულება. მშობლიური ენის დასაცავად საბჭოთა რეპრესიულ მანქანას დაუპირისპირდნენ და არ შეუშინდნენ რეალურ განსაცდელს, რომელიც პროტესტის ასეთ ფორმას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მათ პროტესტს უფროსი თაობის არაერთი ღირსეული წარმომადგენელიც შეუერთდა. ახალგაზრდების ამ ნაბიჯმა, რომელიც მაშინ გმირობის ტოლფასი იყო, ნაყოფი გამოიღო – ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსი დაუბრუნდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო უნიკალური შემთხვევა საბჭოთა კავშირის არსებობის განმავლობაში.

მაშინ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 34 წლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს  პირობებში, ხელისუფლების მხრიდან ქართული ენის მიმართ ასეთი გულგრილი დამოკიდებულება გაჩნდებოდა. ჩვენი თაობის ვალია, ქართულ ენას აღვუდგინოთ თავისი განსაკუთრებული ადგილი, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ხელი შევუწყოთ ქართული ენის შესწავლაში და ამით განვამტკიცოთ მისი სახელმწიფო სტატუსი.

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“