პუბლიკაციები
„რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე საქართველოს დაშლის პროცესი გაგრძელდება!“

valeri-kvaracxeliaaaaaსაქინფორმის სტუმარია - პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ თავმჯდომარე, ბატონი ვალერი კვარაცხელია.

- ბატონო ვალერი, როგორ შეაფასებდით საქართველოში დღევანდელ გეოპოლიტიკურ და შიდაპოლიტიკურ ვითარებას და რა პერსპექტივები აქვს ამ კუთხით ქვეყანას?

– ვფიქრობ, დიდი  შეცდომაა, როცა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას გლობალური პოლიტიკიდან მოწყვეტილად განვიხილავთ. ვამბობთ, რომ რაკიღა დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, და  ვართ თუ არა, ეს კიდევ ცალკე საკითხია... რაკიღა დეკლარირებულად ვართ, ვაცხადებთ, რომ საითაც გვინდა, გადავიხრებით და როგორც გვინდა, მოვიქცევით, ასე არ ხდება. საქართველო  ვართ, მაგრამ ეს საქართველო, ამავე დროს, პლანეტის ნაწილიცაა. ვართ თანამეგობრობის არცთუ დიდი მოცულობისა და მასშტაბის, მაგრამ – წევრი. ამიტომ ყოველთვის გათვალისწინებული უნდა გვქონდეს ის კონტექსტები, რაც დიდ პოლიტიკაში ხდება. ეს დიდ ერებსაც მართებთ, მაგრამ, განსაკუთრებით, პატარა ერებს ეხებათ. სამწუხაროდ, ასე არ არის. არადა, სრულებით ახლებურ გეოპოლიტიკურ კონტექსტებს ვკითხულობ. თუნდაც სეულის ყბადაღებული ფაქტი – ობამასა და მედვედევს შორის „ჩურჩულით ნათქვამი“. ამ „ჩურჩულის“ შინაარსში ახალი რეალობა გამოიკვეთა და სწორედ რეალობაა გასათვალისწინებელი. როგორც ჩანს, ამუშავდა ის რეალობა, რაც 2007 წლის მიუნხენის კონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ „ერთპოლუსიან მსოფლიოს უნდა დავემშვიდობოთ“. ობამამ, ფაქტობრივად, აღიარა ეს, რაც ნიშნავდა, რომ „მანევრირებისთვის სივრცე მომეცით, ჩემი არჩევნები მოდის, სანაცვლოდ კი, მე ვიქნები გაცილებით მოქნილი რაკეტსაწინააღმდეგო შეიარაღების საკითხებთან დაკავშირებით“. ამაში იკითხება ის, რომ რუსეთი ამერიკელებისთვისაც ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. ამერიკული ისტებლიშმენტის პროგრესული ფრთა, რომლის წარმომადგენელი ობამაცაა და რომელმაც რუსეთთან გადატვირთვისა და სტრატეგიული თანამშრომლობის პოლიტიკა დაიწყო, რუსეთს ასეთ ძალად განიხილავს.

– თუმცაღა ეს გადატვირთვის პოლიტიკა რაკეტების თემამ, გარკვეულწილად, შეაჩერა...

– რა თქმა უნდა, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ერთპიროვნულად ვერ წყვეტს ყველაფერს. „პოლიტიკური ქორების“ სახით, მძლავრი პერსონები – სენატორები, როგორიც არის ჩვენი ხელისუფლების სათაყვანებელი მაკეინი, ან, თუნდაც, ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი კლინტონი, იმ რეაქციულ ფრთას წარმოადგენენ, რომლებიც ამერიკისთვის ასე სანუკვარ ოცნებას – მსოფლიოზე ერთპიროვნული ჰეგემონიის  იდეას – ჯერაც ვერ ელევიან.  რეალურად, განსაკუთრებით კი, მას შემდეგ, რაც რუსეთი ფეხზე წამოდგა და ის მოთამაშე გახდა, რაც, პრაქტიკულად, საბჭოთა კავშირი იყო, ამერიკას ამის რესურსი უკვე აღარ ჰყოფნის.

– „ფერადოვანმა რევოლუციებმაც“ ძალიან ცუდი როლი ითამაშა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში...

– ცუდი როლი ითამაშა, რადგან წარმატებას ამ რევოლუციებმა ვერსად მიაღწია, თუ არ ჩავთვლით საქართველოს. საქართველოში ეს რევოლუცია მეტ-ნაკლებად წარმატებული გამოდგა. სააკაშვილის ფენომენია ეს თუ სხვა რამ, ყოველ შემთხვევაში, აშშ საქართველოში ჯერ კიდევ ინარჩუნებს გავლენას.

– შესაძლოა, სააკაშვილისთვის წარმატებულია, ხალხისა და ქვეყნისთვის  – არ გამოდგა...

– წარმატებულში მე ამერიკელებისთვის წარმატებულს ვგულისხმობ. მოგვწონს თუ არა,  ვეთანხმებით თუ არა, ჩვენ მძლავრად ვართ წარმოდგენილნი იმ ოპერაციებში (ავღანეთში და სხვაგანაც)... შეუსაბამოდ მძლავრად ვართ წარმოდგენილი! არ უნდა ვიყოთ ასე. ბევრი ფაქტორია იმისა, რომ მათ სააკაშვილმა იმავე იუშჩენკოსა და სხვებზე მეტად  გაუმართლა.

– ბატონო ვალერი, ასეთი პროექტის დათმობას როგორ შეეგუება აშშ?

– საქართველოზე ვსაუბრობთ და არ ვიცი, აქ როგორ განვითარდება მოვლენები.  ფაქტია, რომ ივანიშვილი, ვისი დიდი იმედებიც გაჩნდა საქართველოში, არა იმიტომ, რომ ჩაანაცვლებდა სააკაშვილს, არამედ რეალურად შეცვლიდა რაღაცას... უპირველესად,  ეს უნდა ყოფილიყო  ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიული გამთლიანებისკენ, ნაბიჯები ქვეყნის ეკონომიკური აღორძინებისკენ, ნაბიჯები საქართველოში მართლაც დემოკრატიული პროცესების დაწყებისკენ. დასაწყისში,  როცა მან თავის პრიორიტეტებში საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაზე  განაცხადა, ეს იყო მკაფიო სიგნალი, რომ მართლაც რაღაც რეალურ ცვლილებებთან გვექნებოდა საქმე.

– მოსახლეობაც დიდი მხარდაჭერით შეხვდა ამას, თუმცა ხელისუფლებისგან მყისიერად ივანიშვილისგან რუსული ფულისა და  პრორუსული კურსის თემა გაჩნდა...

– რა თქმა უნდა, ეს იარლიყები ამათ გამზადებული აქვთ. რას ნიშნავს პრორუსული? ესენი რუსულ ფულსა და ინტერესს გულისხმობენ, მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანი არა რუსული ინტერესების, არამედ სწორედ საქართველოს ინტერესების სამსახურში იდგეს – როდესაც ლაპარაკობ, რომ რუსეთთან მტრობას მასთან მეგობრობა სჯობს?! რა თქმა უნდა, ამ მეგობრობისთვის რაღაც ამოსავალი წერტილები გამონახებოდა. ასეთი წერტილები არსებობს და ჩვენ გვეგონა, რომ ივანიშვილი ამ მიმართულებით გააგრძელებდა მოღვაწეობას, არ შეუშინდებოდა იარლიყებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მან ერთი-ორი თვის შემდეგ  ას ოთხმოცი გრადუსით შეცვალა თავისი პირვანდელი  პრიორიტეტები და განაცხადა, რომ ნატო არის ჩვენი ბედი და ა.შ. ამ მსოფლმხედველობითა და პრიორიტეტებით, ბიძინა ივანიშვილი რომც მოვიდეს  ხელისუფლებაში, არაფერი შეიცვლება. სხვა საკითხია, მოვა ის თუ ვერა?! ვფიქრობ, რომ დღეს მას უმრავლესობით მოსვლის მინიმალური შანსი აქვს.

– მიუხედავად ამისა, მოსახლეობაში ამის დიდი განწყობა და იმედია...

– რა თქმა უნდა, მოსახლეობაში ამის განწყობა ჯერ კიდევ არის, თუმცა ეს განხიბვლის პროცესი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ვნახოთ, პროცესები როგორ წარიმართება, მაგრამ სააკაშვილი იქნება ეს, ივანიშვილი, თუ პეტრიაშვილი, ვინც უნდა იყოს, ეს ახალი გეოპოლიტიკური კონტექსტი ამ რეალობის გათვალისწინებას ყველას აიძულებს.  

– ანუ ყველა შემთხვევაში, ჩვენ რუსეთთან რაღაც ფორმით  ურთიერთობაზე წასვლა  მოგვიწევს?

– როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი საშინაო საქმეებთან,  ანუ არჩევნების თემასთან, დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებას მანევრირების სივრცის მიცემაზე ეხვეწება... თუ ამერიკისთვის ამდენს ნიშნავს რუსეთი, როგორ დავიჯერო, საქართველოსთვის არ ექნება ამას მნიშვნელობა? გულუბრყვილოები უნდა ვიყოთ, ვიფიქროთ, რომ რუსეთის ინტერესების გათვალისწინების  გარეშე, ჩვენ ჩვენს ინტერესებს დავიკმაყოფილებთ. ასე არ მოხდება. არა იმიტომ, რომ მე განსაკუთრებული ხედვები მაქვს; ვინც ამ საკითხზე დაფიქრდება, ყველა ნახავს, რომ რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე გაგრძელდება ის პროცესი, რაც დაწყებულია და რასაც საქართველოს დაშლის პროცესი ჰქვია!

დღეს საქართველოს ორი ავტონომიური ერთეული – აფხაზეთი და სამაჩაბლოს რეგიონი – აქვს დაკარგული. ურთულესი ვითარებაა შექმნილი აჭარაში, სადაც დიდძალი კაპიტალით შემოსული უამრავი თურქი იქ საკუთარ გავლენას აძლიერებს. ერთია ტანკითა და თოფით წართმეული, მეორეა – ფულითა და კაპიტალით.  ამას თუ  საქართველოში არსებულ ცხელ რეგიონებსაც დავუმატებთ, სადაც დაშლის პროცესი თუ დაიწყო და  „ყნოსვის რეცეპტორებს გაუღიზიანებს“, დიდი და პატარა მეზობელი ყველა თავისის მიტაცებას და მისაკუთრებას დაიწყებს, მით უფრო, თუ ეს პროცესი რუსეთიდან იქნა წახალისებული – ამას ვეღარაფერი შეაჩერებს. ამიტომ მგონია, რომ რუსეთთან  საერთო ინტერესები აუცილებლად უნდა გამოინახოს, ისეთი, სადაც რუსულიცა და ქართული ინტერესიც დაკმაყოფილდება.

ძალიან ზოგადი რომ არ გამოვიდეს, განვმარტავ: ნატოში შესვლაზე ჩვენი უარი  რუსეთისთვის დიდი ინტერესია, რამდენადაც მას არ სჭირდება ნატოს ალყაში მოქცევა, სოჭის საზღვრებთან ნატოს მძიმე შეიარაღება და ა.შ.

გეკითხებით, თუ  ნატოზე უარის თქმით  საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების შანსს ვინარჩუნებთ, ვიშორებთ ყველა იმ საფრთხეებს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ნატოზე უარის თქმა ამად არ გვიღირს?

– ბატონო ვალერი, ხელისუფლების პოზიციით, ნატოში შესვლა კი არ შლის საქართველოს, პირიქით – რუსეთმა დაანაწევრა და დაშალა ის და ნატო გაგვამთლიანებს...

– ეს რიტორიკა და ლოგიკა  ხუთი, ათი წლის წინ იმუშავებდა, მაგრამ დღეს აბსოლუტურად არ მუშაობს. ერთია გაცხადებულ-დეკლარირებული განცხადებები,  მეორეა – რეალობა. ნატოკენ სწრაფვამ  იქამდე მიგვიყვანა, რომ საქართველო დაშლილი და გაპარტახებულია. ნატომ  და შტატებმა ვერაფერი იღონეს ამ პროცესის შესაჩერებლად და ეს რეალობაა.  

გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა?.. მე ჩემს აზრს მოგახსენებთ, რომ გაგრძელდება საქართველოს დაშლის პროცესი. შეუძლია ეს ჩვენს ხელისუფლებას? ამ ხელისუფლებას ეს არ შეუძლია, რადგან მას  თავი ნატოსთან და ამერიკასთან აქვს იდენტიფიცირებული და არა – საქართველოსთან. ხელისუფალთ არ შეუძლიათ, მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა შეძლოს, რომ არჩევნების გზით, კონსტიტუციის გზით, თუ ეს მოხერხდება, შეცვალოს  ხელისუფლება. მაგრამ ვაი, რომ ალტერნატივა არ ჩანს, რადგან დღევანდელ მსოფლიოში ფული წყვეტს ყველაფერს.

ხალხის ინტერესების გამომხატველ ძალას ფული არ გააჩნია. ფული იმ ძალას აქვს, რომლის უკანაც რომელიმე დიდი სახელმწიფოსა და დიდი ალიანსის ინტერესი დგას. ეს ძალები კი, ჩვენდა სამწუხაროდ, იმ ძალების ინტერესებისთვის მუშაობენ და არა – ქართველი ხალხის. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მართლა აირ-დაირიოს ყველაფერი.

– რამდენადაც ბიძინა ივანიშვილი აფიქსირებს, რომ ამ მიწაზე გაზრდილია, ქართველია და ამ მიწის შვილია, ალბათ, ის  შინაგანად იგრძნობს, ქვეყნისა და ხალხისთვის უკეთესი რა იქნება...

– ღმერთმა ქნას, იგრძნოს, თუ დაგვიანებული არ იქნება. მას ეს უნდა ეგრძნო და, როგორც გითხარით, პუტინი არც მალავს ხოლმე თავის სტრატეგიულ ჩანაფიქრებს, და არა მარტო რუსეთისთვის. როცა კოსოვოს საკითხი იდგა, პირდაპირ განუცხადა  ამერიკელებს, რომ თუ ეს აღიარება ქნება, მაშინ ჩვენ აფხაზებსა და ოსებს ვეღარ ვეტყვით – პრეცედენტი არ არსებობსო. არჩევნებამდეც და შემდეგაც განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას ევრაზიული კავშირი – რეგიონული გაერთიანება. იტკიცეს შუბლზე ხელი, რომ ეს საბჭოთა კავშირის აღდგენაა. რეგიონული გაერთიანებები კი თავისთავად ახალი არ არის. ერთ-ერთ ყველაზე მოწინავედ  ევროკავშირია აღიარებული. რეგიონულ გაერთიანებას, თუ ის რაღაცით მიმზიდველი იქნება, წინ ვერაფერი დაუდგება. ჯერ უნდა განვიხილოთ, რას გვპირდება ეს რეგიონული გაერთანება – ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკის, ბაზრის თვალსაზრისით. როცა აიწონ-დაიწონება და მერე იტყვის ადამიანი, რომ – არა, ეს ჩვენთვის მიუღებელია, იმიტომ, რომ რაღაც უკეთესი არსებობს გვერდზე, მაშინ ლოგიკურად შეიძლება ჩათვალო.

– ბატონო ვალერი, ერთ-ერთ გამოსვლაში, როდესაც ამ ევრაზიურ კავშირზე დაუსვეს კითხვა, თედო ჯაფარიძემაც განმარტა: „არ ვიცით, რა არის და ჯერ უნდა გავერკვეთ“... მაშინვე  დაესხნენ თავს, რომ საბჭოთა კავშირი უნდათ და ა.შ. საბჭოეთი რომ ვეღარ აღდგება, ეს საღად მოზროვნე ყველა ადამიანს უნდა ესმოდეს...

– სხვათა შორის, პუტინს თავის ცნობილ ფრაზაში ესეც აქვს ნათქვამი: „ვინც საბჭოთა კავშირს ანგრევდა, მას გული არ ჰქონდა, მაგრამ ვისაც მისი აღდგენა სურს, მას ტვინი არ აქვს“...  ეს ძალიან სწორი მიდგომაა. იმ სისტემას, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ, ნაკლოვანება ბევრი ჰქონდა, მაგრამ  ბევრი კარგი და დადებითიც ჰქონდა. რაღაც საუკეთესო მოდელს წარმოადგენ და იწყება  – ეს კომუნისტურია... მერე რა – თუ კომუნისტურია და კარგია, რას ერჩი?.. რაღაც კარგი იყო, რაღაც – ცუდი. კავშირის  დაშლამ, თავისთავად, უზარმაზარი მტკივნეული პრობლემები მოიტანა.

– თუმცა საბჭოთა კავშირიდან პირველი რუსეთის ფედერაცია გავიდა და მერე ჩვენ დაგვბრალდა ყველაფერი...

– ასე რომ, წინასწარ იდეფიქსის დონეზე აკვიატებული მოსაზრებები ჩემთვის მიუღებელია.    

ესაუბრა ელენე ჩაჩუა