თბილისი, 13 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, სადაც მოსკოვი რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს. როგორც ოფიციალური თბილისის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ რუსეთიდან საქართველოში სტუმრობის მოსურნეთა რიცხვის მკვეთრი მატება გამოიწვია.
„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საქართველოში მგზავრობისაგან იმ მოტივით, თითქოს საქართველოს ხელისუფლება მათ დევნის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის საფუძველზე.რუსეთის ხელისუფლება აშკარად დაიბნა და ჯერ აბსურდული მიზეზებით აარიდა თავი საპასუხო ნაბიჯების გადადგმას, ხოლო შემდეგ უკვე შეეცადა და ამჟამადაც ცდილობს, შეთხზული საფრთხეებით დააშინოს საკუთარი მოქალაქეები.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ცნობა ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლება წინააღმდეგია არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისა, არამედ რუსი და ქართველი ხალხების ნორმალური ურთიერთობის და მეგობრობისა. ეს ცნობა აშკარად მეტყველებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას აქვს სერიოზული შიში იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქისათვის საქართველოში ვიზიტების შედეგად ნათელი ხდება რუსეთის ოფიციალური პროპაგანდის სიყალბე და, შესაბამისად, საქართველოს მიმართ რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის მანკიერი ხასიათი.
რაც შეეხება კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, იგი მიღებულ იქნა 2008 წლის 23 ოქტომბერს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, საქართველოს განუყოფელი ნაწილების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ოკუპაციისა და საოკუპაციო რეჟიმების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. საქართველოს მხარემ ოფიციალურად სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მეშვეობით არაერთგზის განმარტა ამ კანონის დებულებები, რის შესახებაც კარგად არის ინფორმირებული რუსეთის საგარეო უწყება.
დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის ხელისუფლების ეს მორიგი მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდება და რუსეთის უამრავი მოქალაქე, ვინც აპირებს ჩამოსვლას საქართველოში, თავად დარწმუნდება, ისევე, როგორც ისინი, ვინც უკვე იმყოფებოდა აქ, რომ საქართველოში სტუმრობა არავითარ რისკთან არ არის დაკავშირებული და მხოლოდ სასიამოვნო მოგონებად დარჩებათ“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.