აქტუალური
აზერბაიჯანული ფილმების ჩვენება არ შედგა...

stop-festival

თბილისი, 13 აპრილი, საქინფორმი. STOP“-ფესტივალის პროგრამაში შეტანილი აზერბაიჯანული ფილმების ჩვენება ჟურნალისტთა კლუბ „ასპარეზში“ არ შედგა, – აღნიშნულია სამშვიდობო ინიციატივების კავკასიური ცენტრის 12 აპრილის განცხადებაში. ფესტივალის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ტერორისტულმა აქციამ, რომელიც სახალხო აღშფოთების პიკეტით იყო შენიღბული, პიკს მიაღწია. ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, შენობაში მყოფი კლუბ „ასპარეზისა“ და სამშვიდობო ინიციატივების კავკასიური ცენტრის თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი იყო. განხორციელდა რამდენიმე პროვოკაციული ძალისმიერი აქცია, რომლებიც უშუალოდ იყო წაქეზებული ხელისუფლებისა და  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა გამოსვლებით. ეს უკანასკნელნი რამდენიმე საათის განმავლობაში ახდენდნენ მორალურ ზეწოლას ფესტივალის ორგანიზატორებზე, რათა მათ შენობა დაეტოვებინათ. განსაკუთრებით უნდა აღნიშნოს, რომ ფესტივალის დირექტორ გიორგი ვანიანზე თავდასხმა უშუალოდ გიუმრის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების უფროსის მხურვალე სიტყვის შემდეგ მოხდა.

მიკრორაიონში დენი გამორთეს და განაცხადეს, რომ სანამ ფესტივალის ორგანიზატორები კლუბში იქნებიან, დენი არ მოვა. ფილმების ჩვენების დროის მოახლოებასთან ერთად შენობაში მყოფი ხელისუფლებისა და  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების „მორალური ზეწოლა“ მუქარად გადაიქცა, რომ უახლოეს ხანებში მასობრივი მღელვარება დაიწყება და სისხლისღვრა მოხდება. ორგანიზატორებს აცნობეს, რომ ერევანი-გიუმრის შოსეზე პოსტები დგას და ერევნიდან ავტობუსით მომავალ ფესტივალის მაყურებლებს დამრბევები გააჩერებენ. ამ შემთხვევაშიც სისხლისღვრას წინასწარმეტყველებდნენ და აცხადებდნენ, რომ ავტობუსში მყოფი ადამიანების უსაფრთხოებაზე პასუხს არავინ აგებდა.

შექმნილ ვითარებაში, იმის გათვალისწინებით, რომ კლუბ „ასპარეზის“, სამშვიდობო ინიციატივების კავკასიური ცენტრის თანამშრომლებისა და მაყურებლების უსაფრთხოება დაცული არ იყო, ფესტივალის დირექტორმა მასმედიის წარმომადგენლებს ჩვენების გადადების შესახებ აუწყა. ფესტივალის ორგანიზატორებმა კლუბი დატოვეს და შოსეზე მყოფ ერევნელ მაყურებლებს შეუერთდნენ. ფესტივალის ავტობუსი უახლოეს საგზაო ტრაქტირთან გაჩერდა, სადაც აზერბაიჯანული ფილმების STOP“-ფესტივალი გაიმართა. 26 ადამიანმა ნახა ფესტივალის პროგრამა, 24-მა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, რომელიც „მაყურებლის სიმპათიის“ პრიზის მფლობელს გამოავლენს.

შემდეგი ჩვენება გაიმართება 17 აპრილს, 16 საათზე, ჰელსინკის ასამბლეის ვანაძორის ოფისში.