თბილისი, 13 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, მთავრობამ განაახლა სახელმწიფო კომპანიების აქციათა ლონდონის ბირჟაზე განთავსების შესაძლებლობაზე მსჯელობა.
ამ გეგმების 2011 წლის ბოლოს განხორციელებაზე მთავრობამ დროებით უარი თქვა საერთაშორისო ბირჟებზე ძალიან ცუდი მდგომარეობის მოტივით.
„ამაზე გასულ წელს ვლაპარაკობდით, მაგრამ საფინანსო ბაზრები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო გასულ წელს. შედარებით გამოსწორებულია ახლა მდგომარეობა. ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს „Goldman Sachs“-თან, „City“-თან, „JP Morgan“-თან, იმ ბანკებთან, რომლებთანაც კონტრაქტები გვაქვს გაფორმებული“, – განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე.„უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ განვიხილავთ შესაძლებლობას ლონდონის ბირჟაზე ევრობონდების გამოშვების ან მინორიტარული პაკეტების გაყიდვის რკინიგზის, გაზის კორპორაციის და სხვა მსხვილი სახელმწიფო კომპანიების“, – განაცხადა მან.
„საქართველოს რკინიგზამ“ 2010 წლის ივლისში საფინანსო ბაზრებზე ხუთწლიანი ვადით 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები განათავსა.
საკანონმდებლო საფუძველი, რაც მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, სახელმწიფო კომპანიების აქციათა შეუზღუდავი პაკეტები განათავსოს საერთაშორისო ბირჟებზე, გასული წლის ოქტომბერში პარლამენტის მიერ მიღებულმა ცვლილებებმა შექმნა.
სახელმწიფო კომპანიების აქციათა ამგვარი ფორმით პრივატიზაციის შესაძლებლობაზე მთავრობა ბოლო ორი წელია, საუბრობს, თუმცა, ასევე, ხაზს უსვამს, რომ საკონტროლო პაკეტების გაყიდვას არ აპირებს.
იმ კომპანიებს შორის, რომელთა აქციების საერთაშორისო ბირჟებზე განთავსების გზით გაყიდვის გეგმებზე მთავრობა საუბრობს, არიან „საქართველოს რკინიგზა“; „საქართველოს ელექტროსისტემა“; ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენს მართავს და რომლითაც საქართველოს გავლით სომხეთი გაზს რუსეთიდან იღებს; „თელასი“, რომელშიც სახელმწიფოს წილი 24.53%-ს შეადგენს.
გილაურის თქმით, არცერთი ამ კომპანიის მენეჯმენტის გადაცემა არ მოხდება.
„პირიქით, ეს მენეჯმენტი დარჩება სახელმწიფოში და აქციათა უმრავლესობაც დარჩება სახელმწიფო მფლობელობაში“, – აღნიშნა პრემიერმა.