კახა მიქაია: „სამეგრელოში იგრძნობა, რომ ხელისუფლება ალასანიას გადაწყვეტილებით შეშფოთებულია“
თბილისი, 13 აპრილი,
საქინფორმი. „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მიქაია მიესალმება „თავისუფალ დემოკრატთა“ ლიდერ ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო პერიოდის სამეგრელოში გატარების თაობაზე. როგორც მიქაიამ გუშინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამეგრელოში უკვე იგრძნობა, რომ ხელისუფლება ალასანიას გადაწყვეტილებით შეშფოთებულია. მისი თქმით, ზუგდიდის რაიონული ტელევიზიით უკვე გადმოსცემენ ალასანიას წინააღმდეგ შექმნილ კლიპს, რომელშიც მას გამოგონილ ბრალდებებს უყენებენ. მიქაიას განცხადებით, მარტო ალასანიას სამეგრელოში ვითარების შეცვლა გაუჭირდება, მაგრამ თუ საზოგადოებისა და პოლიტიკური სექტორის მხარდაჭერა ექნება, რაც ავტორიტეტული ადამიანების ვიზიტებს გულისხმობს, მაშინ ალასანია ამ რეგიონში გამეფებული შიშის დამარცხების თვალსაზრისით ბევრი რამის გაკეთებას შეძლებს. მიქაიას თქმით, მას შეუძლია გადატანითი მნიშვნელობით განაცხადოს, რომ სამეგრელოში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა შედგება.
„სააკაშვილს ეშინია, რომ თუ სამეგრელოში ოპოზიციური მუხტი გაჩნდა, მის წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყება და ის აქ წააგებს. ეს დიდ ზეგავლენას მოახდენს მისი ხელისუფლების დასრულებაზე“, – განაცხადა მიქაიამ და დაამატა, რომ რაოდენობის მხრივ ყველაზე მეტი ამომრჩეველი სამეგრელოში ცხოვრობს. „სამეგრელოსა და მთელ საქართველოში სააკაშვილის მთავარი მხარდამჭერი ხალხი კი არა, შიშია. ოპოზიციამ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მოსახლეობაში არსებული შიში დაძლიონ. აუცილებელია საზოგადოებისა და ოპოზიციის ერთიანობა“, – აღნიშნა მიქაიამ.