აქტუალური
მრგვალი მაგიდა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების თემაზე

gulbaaT111თბილისი, 13 აპრილი, საქინფორმი. ევრაზიის ინსტიტუტმა მრგვალი მაგიდა გამართა, რომელზეც განხილულ იქნა უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი.

მონაწილეებს შორის იყვნენ ცნობილი სპეციალისტები: სოციოლოგები ლევან მეტრეველი და ვალერიან გორგილაძე, გადამდგარი დიპლომატი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ჰამლეტ ჭიპაშვილი, თურქოლოგები, ყოფილი დიპლომატები – ზაურ მჭედლიშვილი და ვიქტორ ჭიკაიძე, პოლიტოლოგები და პუბლიცისტები – ნანა დევდარიანი, ხათუნა ლაგაზიძე, მამუკა არეშიძე, კოტე ჩიკვილაძე, გულბაათ რცხილაძე, დავით მხეიძე, ბადრი ნაჭყებია, ვალერი კვარაცხელია, პოლიტიკოსები – კახა კუკავა და ალეკო შალამბერიძე.

მათი მსჯელობა აგებული იყო საკუთრივ „უსაფრთხოების“ ცნების სწორ ინტერპრეტაციაზე, რომელიც, ასევე, სწორად გასაგები „სახელმწიფო (ეროვნული) ინტერესების“ ცნებიდან გამომდინარეობს. „ყოველივე ეს არ უნდა ავრიოთ ამჟამინდელი ხელისუფლების უსაფრთხოებასა და ინტერესებში. ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მარტო სამხედრო თავდაცვა ან კონტრდაზვერვა; უსაფრთხოება ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტშია განსახილველი და პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რელიგიურ-კულტურულ ფაქტორებსაც უკავშირდება“, – ითქვა შეკრებისას.

მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით ხაზი გაუსვეს, რომ საჭიროა დიალოგი რუსულ მხარესთან. კავკასიურმა სახელმწიფოებმა არ უნდა მისცენ საშუალება დასავლეთს, ჩათრეულნი აღმოჩნდნენ ანტისირიულ და ანტიირანულ ავანტიურაში.