საზოგადოება
თბილისი, 13 აპრილი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის გეგმა, რაც მას საშუალებას მისცემს, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის გარეშე კენჭი იყაროს საპარლამენტო არჩევნებში, გაუგებარია.
„მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში იმდენად უხეშია და იმდენად გაუგებარია ის ცვლილებები, რომელთაც ისინი აპირებენ, რომ განახორციელონ, რომ, ალბათ, თვითონვე მიხვდებიან მოგვიანებით და თვითონვე შეჩერდებიან“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ნაცვლად, ხელისუფლებამ მას მოქალაქეობა უნდა აღუდგინოს. ივანიშვილმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილ კარიერულ დიპლომატ ფრენკ ვიზნერს შეხვდა. ამჟამად ვიზნერი ლობისტური და იურიდიული კომპანია „Patton Boggs“-ის მრჩეველია საგარეო საკითხებში. სწორედ ეს ფირმა დაიქირავა ივანიშვილმა ამასწინათ. კომპანიის განცხადებით, ვიზნერი კლიენტებს სტრატეგიულ კონსულტაციას უწევს ბიზნესის, პოლიტიკისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში კომპანიის ვაშინგტონისა და ნიუ იორკის ოფისებიდან.