თბილისი, 13 აპრილი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტიების შესახებ სადავო კანონში ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა. პირველი მოსმენით მიღების შემდეგ მასში პრინციპული ცვლილებები აღარ შესულა, თუმცა დაზუსტდა რიგი დებულებებისა.
მართალია, ძალაში დარჩა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც პარტიას არ აქვს უფლება, შემოწირულობის სახით ჯამურად 500 ათას ლარზე მეტი მიიღოს იმ ფიზიკური პირებისგან, რომლებიც შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ ერთი წყაროდან იღებენ, მაგრამ კანონპროექტში გაჩნდა ახალი ჩანაწერი, რომ პარტიებს ან მათ შემომწირველებს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, თუ მათ არ იცოდნენ ამ ლიმიტის გადაჭარბების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, კონტროლის პალატამ არანაკლებ 5 დღეში დარღვევის აღმოფხვრისკენ უნდა მოუწოდოს.კანონით განსაზღვრულია, რომ პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს. იურიდიულ პირს პარტიების დაფინანსება კანონში დეკემბერში შესული ცვლილებების შედეგად საერთოდ აეკრძალა.
მეორე მოსმენისთვის კანონპროექტში ასახული ახალი დებულების თანახმად, კონტროლის პალატამ პარტიებისთვის დადგენილი შეზღუდვების სხვა პირზე გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით უნდა მიიღოს. ასეთ შეზღუდვებს შეიძლება დაექვემდებარონ პირები, რომლებსაც აქვთ საარჩევნო მიზნები და ამ მიზნით გაწევენ ხარჯებს. ამ პირებს უფლება აქვთ, კონტროლის პალატისგან მოითხოვონ მათ მიმართ შეზღუდვების გავრცელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ასლი. ასევე, ახალი დებულების თანახმად, ეს შეზღუდვები უქმდება არჩევნების შედეგების შეჯამების დღეს.
კიდევ ერთი დაზუსტების თანახმად, კონტროლის პალატა ვალდებული იქნება, თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს პარტიის შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მას ყოველთვიურად უნდა მიეწოდოს.
ამასთან, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს მმართველმა პარტიამ არ გაიზიარა დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას ალტერნატიული წინადადება, რომელიც მოითხოვდა, რომ ყველა კვალიფიციურმა სუბიექტმა მიიღოს ის დამატებითი საბიუჯეტო დაფინანსება, რომელიც საარჩევნო წელს სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად არის გათვალისწინებული. ასეთი დაფინანსების მიღება, მმართველი პარტიის ინიციატივის თანახმად, შესაძლებელია მხოლოდ იმ პარტიებისათვის, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით. ის კვალიფიციური პარტიები, მათ შორის, ბაღათურიას პარტია „ქართული დასი“, რომლებიც ყოველწლიურ საბიუჯეტო დაფინანსებას 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე იღებენ, ახალ დამატებით დაფინანსებას ვერ მიიღებენ, რასაც ბაღათურიამ „უსამართლო“ უწოდა.