საზოგადოება
თბილისში გაბრიელ სუნდუკიანის ხსოვნის პატივსაცემად მემორიალური დაფა გაიხსნა

sundukyanთბილისი, 12 აპრილი, საქინფორმი. თბილისში, მაჩაბლის №9-ში, საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ ცენტრ სოლოლაკში, გამოჩენილი სომეხი დრამატურგის, აღმოსავლურ-სომხური თეატრის დამაარსებელ გაბრიელ სუნდუკიანის გარდაცვალების ასი წლის თავთან დაკავშირებით დღეს, 12 აპრილს, მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიების ინიციატორები იყვნენ თბილისის სომეხთა კავშირი და ქალაქის საკრებულო.

საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სომხეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ოვანეს მანუკიანი, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ხელმძღვანელი, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, თბილისის სომეხი ინტელიგენცია და მულტინაციონალური საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ზეიმის მთავარი სტუმარი გახლდათ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი. თავიანთ გულშიჩამწვდომ გამოსვლებში ბატონმა მანუკიანმა, ეპისკოპოსმა მირზახანიანმა და ქალბატონმა გონაშვილმა ხაზი გაუსვეს იუბილეს მნიშვნელობას როგორც მოძმე სომეხი და ქართველი ხალხების კულტურათა ურთიერთშეღწევადობის საფუძველთა ურყევობის დადასტურებას, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეროვნებათაშორისი კავშირების დესტაბილიზაციის მცდელობათა გააქტიურების პირობებში.

იუბილეს მონაწილეებმა კმაყოფილებით მიიღეს თბილისის სომეხთა კავშირის ხელმძღვანელის, ფსიქოლოგიის დოქტორ მიხეილ თათევოსოვის ცნობა თბილისის საკრებულოსთან შეთანხმებული გადაწყვეტილების შესახებ – უკვდავყოფილი იქნეს 10 დიდი თბილისელის ხსოვნა, ასტროფიზიკოს ვიქტორ ამბარცუმიანით დაწყებული, რაფით დამთავრებული. სამწუხაროდ, სომხური თემის დესტრუქციულმა „ლიდერებმა“, ჭეშმარიტმა კომუნისტებმა ბაიბურთმა და მურადიანმა ამჯერადაც სცადეს ზეიმის ჩაშლა. თუმცა ერთადერთი, რაც მათ თავიანთი ნახევრად კრიმინალური კავშირების წყალობით შეძლეს, იუბილეზე საკრებულოს თავმჯდომარის – ზაალ სამადაშვილის, მოუსვლელობა იყო, რომელმაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უგულებელყო ღონისძიებაზე საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ყოფნა, რაც ყველა პროტოკოლის ფარგლებს სცდება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველ ხელმძღვანელთა საღი აზრი გაიმარჯვებს განდგომილთა ვერაგობაზე, და დიდ თბილისელთა იუბილეები ჩვენი თანამოქალაქეებისათვის მომავალშიც დღესასწაული იქნება როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

თბილისის სომეხთა კავშირი