თბილისი, 12 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში „MRAP“-ის სახელით ცნობილი 28 ერთეული ქვეითთა ჯავშანმანქანა ჩამოიტანა იმ ქართველი ჯარისკაცების გასაწვრთნელად, რომლებიც ავღანეთში „ISAF“-ის მისიაში მონაწილეობისთვის ემზადებიან.
საელჩოს მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ 10-12 აპრილს მანქანების ტრანსპორტირება ფოთიდან კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში საქართველოს რკინიგზის მეშვეობით განხორციელდება.„აღნიშნული ჯავშანმანქანები ჯავშანსაწინააღმდეგო ნაღმებისაგან ქვეითთა დასაცავადაა შექმნილი. მანქანები იმ ქართველი ჯარისკაცების მოსამზადებლად ჩამოიტანეს, რომელთაც ამერიკელი სამხედროები ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციისათვის წვრთნიან“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
აშშ-ის თავდაცვის ყოფილმა მდივანმა რობერტ გეითსმა განუცხადა „USA Today“-ს შარშან, რომ „MRAP“ ათჯერ უფრო უსაფრთხოა „ჰამერის“ ტიპის დაჯავშნულ მანქანაზე და უკეთესად იცავს ქვეითებს.
„The New York Times“-ის ცნობით, რაკი გზებზე დადებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები ავღანეთში განთავსებული სამხედროებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, პენტაგონმა ათასობით „MRAP“ გააგზავნა ავღანეთში და ახლა ამ ჯავშანმანქანის შედარებით მსუბუქი და უფრო მანევრირებადი მოდელის შექმნაზე მუშაობს.
გასულ ზაფხულს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ქართულ ბატალიონს, რომელიც იმ დროს ავღანეთის მისიისთვის ემზადებოდა, 40 ერთეული „ჰამერის“ ტიპის მანქანა გადასცა.