რელიგია
დღეს დიდი ხუთშაბათია

didi-xuTSabaTiთბილისი, 12 აპრილი, საქინფორმი. ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს. საღვთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად ასრულებს.

მსახურების დროს წმინდა სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც საუბარია იესო ქრისტეს მიერ 12 მოწაფის პირველად ზიარებასა და საიდუმლო სერობაზე.

მსახურების დასრულების შემდეგ უწმიდესი და უნეტარესი მრევლს ქადაგებით მიმართავს. წირვის დასრულების შემდეგ შესრულდება ფეხთბანვის წესი, რომლის დროსაც კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს.

დიდ ხუთშაბათს ტაძრებში 12-გზის სახარებაც იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ ადგილებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა დღეს, 18:00 საათზე, დაიწყება.

ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად, ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა, უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა, ასევე, მიანიშნა, რომ ერთ-ერთი მოწაფე – იუდა ისკარიოტელი, გასცემდა.

დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეთათვის ზეთით ხსნილია, მორწმუნეებს ზეთზე დამზადებული საკვების მიღება შეუძლიათ.