პოლიტიკა
სააკაშვილი ქართული სამხედრო წარმოებისა და რეზერვისტთა ახალი სისტემის შესახებ

saak-o-rezervistaxთბილისი, 12 აპრილი, საქინფორმი. „მშვიდობისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს აქვს თავისი სამხედრო წარმოება და ავითარებს ნებაყოფლობითი რეზერვის ახალ სისტემას“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საწარმო „დელტას“ თანამშრომლებთან სტუმრობისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სამხედრო ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს მომავალი ინდუსტრიული პოტენციალის ძალიან იმედის მომცემი საფუძველია.

„სახელმწიფომ აიღო ქარხანა მთლიანად კონტროლის ქვეშ – ეს და სხვა ქარხნები – და აღმოჩნდა, რომ ყუმბარმტყორცნების გამოშვებაც, ავტომატებიც, ნაღმმტყორცნებიც... არავინ არ გვაძლევდა ანტისატანკო იარაღს 2008-მდე, ყველას ვეხვეწებოდით, რომ მოგვეცით – ახლა, სხვათაშორის, უფრო გაიხსნა ეს ბაზრები, არც გვჭირდება ახლა ყიდვა – ჩვენი გამოვუშვით, ჩვენი გვაქვს“, – განაცხადა მან თავის სატელევიზიო გამოსვლაში.

„დარწმუნებული ვარ, რომ კარგად ვიმუშავებთ, ავაწყობთ ანტისაჰაერო სისტემას“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

შარშან ქართული წარმოების ჯავშანტრანსპორტერი „დიდგორის“ გამოშვების შემდეგ მიმდინარე წლის თებერვლიდან ადგილობრივი წარმოების კიდევ სამი სამხედრო საშუალების პრეზენტაცია მოეწყო: ქართული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკას“, ახალი ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემისა და სულ ბოლოს – უპილოტო საფრენი აპარატის.

„მომავალი წლიდან გვექნება [საფრენი აპარატების] იგივე ანალოგია, ოღონდ მას შეეძლება იარაღის გადატანა უკვე ბევრად უფრო გრძელ მანძილზე და ბევრად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ძველი რუსული „შტურმავიკები“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც სამშაბათს ამ აპარატების საცდელ ფრენას დაესწრო.

მან, ასევე, განაცხადა, რომ უკვე გვაქვს სერიოზული მოლაპარაკებები ჯავშანტრანსპორტერებისა და „ლაზიკას“ ექსპორტზე.

მისი თქმით, ქვეყნის თავდაცვის კუთხით მართლა საოცრება ხდება, რადგან გარდა ძირითადი შეიარაღებული ძალებისა, იქმნება ნებაყოფლობითი სარეზერვო სისტემა.

„ჩვენ დავიწყეთ რეზერვისტთა სისტემის ხელახალი აწყობა და მივიღეთ ფენომენალური შედეგი – ჩვენს მტერს ეს ძალიან აღიზიანებს და მათ ქართველ აგენტებს, ე.წ. პოლიტიკოსებს ძალიან აღიზიანებთ რეზერვისტები, მაგრამ სოფლებში, სადაც თავდაცვის სამინისტრო შევიდა, ყველა ზრდასრული მამაკაცი ჩაეწერა რეზერვში – გამაოგნებელი შედეგია –  ყველა საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური წამორმავლობისა“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმით, ზაფხულისთვის 70 ათასი ნებაყოფლობითი რეზერვისტი  გადამზადდება, ხოლო მომავალ წელს მათი რიცხვი 150 ათასს მიაღწევს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა სოფელს ეყოლება რაზმი თავდაცვისათვის და ეს არის ყველაზე მყარი გარანტია მშვიდობის“, – განაცხადა მან და იქვე მოიყვანა ფაშისტური გერმანიის მაგალითი, რომელმაც  უარი თქვა შვეიცარიაში შესვლაზე იმიტომ, რომ შვეიცარია ერთადერთი ევროპული ქვეყანა იყო, რომელსაც აწყობილი ჰქონდა რეზერვისტთა სისტემა.

„ვიღაცებმა ხანდახან, მათ შორის, უცხოელმა დიპლომატმა შეიძლება თქვას, რომ ეს რეზერვისტთა სისტემა, მაინც, რა ვიცით, კარგად შეისწავლეთ, უფრო დიდხანს განიხილეთ. და 2008 წელს ჩვენ კარგად დავინახეთ: ჩვენ გვჭირდება შიდა ტერიტორიული დაცვა და არავინ არ გააკეთებს ჩვენს საქმეს ჩვენ გარდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„საქართველომ, პირველ რიგში, თავისი ხალხის მეშვეობით უნდა იზრუნოს საკუთარი სამშობლოს დაცვაზე და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყველა ერთად გავაკეთებთ, – განაგრძო მან, – მაგრამ როცა ამ ხალხს ამზადებ, რა თქმა უნდა, უნდა აღჭურვო და, რა თქმა უნდა, მე გამეხარდება, რომ ჩვენ არ ვიყოთ დამოკიდებული ევროპული ქვეყნებიდან ან სხვა ქვეყნებიდან მოწოდებულ იარაღზე, არამედ ჩვენი გვქონდეს“.

„მშვიდობისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ქვეყანას აქვს თავისი წარმოება და როცა ქვეყანას ჰყავს, ასევე, თავისი ხალხი, თავის რეზერვისტთა სისტემა, თავისი შეიარაღებული ძალები  – ეს არის შესაძლო აგრესორისთვის და საქართველოს შემთხვევაში აგრესორი ერთია, როგორც ვიცით ყველამ, ძალიან მკაფიო შემაკავებელი იმისათვის, რომ ჩვენ ეკონომიკას არ შეექმნას განვითარების პრობლემები; იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს ის ორნიშნა [ეკონომიკური] ზრდა, რომელმაც საქართველო უნდა მიიყვანოს იმ სინგაპურიზაციამდე, რომელზეც მე ვლაპარაკობ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს სჭირდება ნახტომი და ის ვერ იქნება საშუალო სტატისტიკური ევროპული ქვეყნის მსგავსი, რომელიც ნელა ვითარდება.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მაგრები იმისათვის, რომ ქვეყანა წავიდეს წინ. ჩვენ ისეთ პირობებში ვართ, იმ გეოგრაფიაში ვართ, იმ საფრთხეების პირობებში ვოპერირებთ, ისეთი მწარე გამოცდილება გვაქვს, რომ არ შეიძლება საქართველო არ იყოს 5-6-ჯერ მაგარი, ვიდრე ნებისმიერი საშუალო ევროპული ქვეყანა, თუნდაც ახლა უკვე ევროკავშირის ახალი წევრები“, – განაცხადა მან.

„ეს არის ჩემი ამოცანა, ეს არის ჩემი ამბიცია და ეს არის ის, რაც საქართველოში მაინც ხდება, მიუხედავად მტრის ყველა ხრიკისა, მიუხედავად გარე და შიდა შერყევის და ბწკენების რაიმე მცდელობებისა. ხან ერთ კატას გამოთხრის ჩვენი აგრესორი, ხან –  მეორეს, ხან – მესამეს – თხუნელას, კატას, არ ვიცი, რა ჰქვია მაგათ, – განაცხადა  მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, – ვერანაირი თხუნელები ვერ შეაჩერებს საქართველოს წინსვლას“.