საზოგადოება
ივანიშვილის შეხვედრა ფრენკ ვიზნერთან

ivan-vizneriთბილისი, 11 აპრილი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ ლიდერმა გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩისგან – ფრენკ ვიზნერისგან – საინტერესო რჩევები მიიღო. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, საუბარი ძალიან საინტერესო იყო, რომელშიც გამოჩნდა, რომ ფრენკ ვიზნერმა ბევრი რამ იცის საქართველოს შესახებ.

„გაოცებული ვარ მისი ცოდნით საქართველოს შესახებ. საქართველოს კონსტიტუციაც კი მან გაცილებით უკეთ იცის, ვიდრე ჩვენმა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და კარგად აცნობიერებს იმ ცვლილებებს, რაც ბოლო დროს განხორციელდა. მან საკმაოდ რთული კითხვები დამისვა და ვიმსჯელეთ იმაზეც, როგორი კრიზისი გველოდება 2012 და 2013 წელს შორის, საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი თეორიული გამარჯვების შემთხვევაშიც კი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ლიდერის ინფორმაციით, ფრენკ ვიზნერი კარგად არის ინფორმირებული მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული უკანონობის შესახებაც.

„გვქონდა საინტერესო საუბარი და მივიღეთ საინტერესო რჩევები, როგორ გავაგრძელოთ ბრძოლა ამავე სტილით, რომ მივიღოთ რეალურად დემოკრატიული არჩევნები შემოდგომაზე“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

აშშ-ის ყოფილი ელჩი გაეროში ფრენკ ვიზნერი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მოწვევით ჩამოვიდა, პირისპირ შეხვედრა ვიზნერსა და ივანიშვილს შორის „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიზნესცენტრში საათ-ნახევარს გაგრძელდა.