სამართალი
დედოფლისწყაროში მოსახლეობას სასმელი წყლით მოწამვლა ემუქრება

wyali1234თბილისი, 11 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი ატყობინებს, განსაკუთრებით ბოლო დროს რაიონის მოსახლეობა გამოთქვამს უკმაყოფილებას სასმელი წყლის ხარისხსა და მიწოდების გრაფიკთან დაკავშირებით. ძირითადად, დედოფლისწყაროს იმ ნაწილის მოსახლეობაა შეწუხებული, ვინც ტერიტორიულად ახლოს ცხოვრობს წყალშემკრებ რეზერვუართან. „ონკანებში წყალი მოდის საშინელი ქლორის გემოთი, მძაფრი სუნით, მისი დალევა შეუძლებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციამ მოიკვლია, მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის დაქლორვას ახდენს ყოფილი პოლიციელი გენადი ჯანაშვილი, რომელიც არ არის კომპეტენტური. პარტია აპროტესტებს აღნიშნულ ფაქტს და მოითხოვს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვისცენტრის  ხელმძღვანელმა, ადგილობრივი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტმა ლევან მჭედლიშვილმა, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნოს კომპეტენტური პიროვნება და სასწრაფოდ მოგვარდეს წყლის ხარისხის პრობლემა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსახლეობის მოწამვლის საშიშროება.

პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაცია თვალყურს ადევნებს წყალმომარაგების სისტემაში მიმდინარე პროცესებს და პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში მოაწყობს საპროტესტო აქციას წყალმომარაგების ხელმძღვანელისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით.