სამართალი
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პრეზიდენტს №489 დადგენილების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს

SAMARt-42-mananaთბილისი, 11 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიამენეჯერი გიორგი ფუტკარაძე ატყობინებს, ორგანიზაცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წლის 27 დეკემბერს გამოცემული №489 დადგენილების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს, რომელიც „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „112“-ის მომსახურებს საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცებას“ ეხება.

როგორც საქინფორმი არაერთხელ იუწყებოდა, ამ დადგენილების საფუძველზე 2012 წლის იანვრიდან მოქალაქეთა სააბონენტო ნომრების სადეპოზიტო ანგარიშებიდან 0.20 ლარის დაქვითვა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის №489 დადგენილების გამოცემის დღიდან არ უსარგებლიათ „112“-ის მომსახურებით. თანაც, დაქვითვა განხორციელდა იმ დროს, როდესაც შს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „112“, ფაქტობრივად, არ არსებობდა.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლში“ მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმატიული აქტით დადგენილი მოწესრიგება ეწინააღმდეგება მნიშვნელოვან კონსტიტუციურ პრინციპებს, კერძოდ, თანასწორობის ძირითად უფლებებს, რომლებიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 38-ე მუხლებით, ასევე, ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმით. 
მთავრობის დადგენილების სადავო პუნქტი არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მოქალაქეებს, რადგანაც „112“-ის მომსახურების საფასურის გადახდა ეკისრებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ფლობენ მობილურ ტელეფონებს და თვის განმავლობაში სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესაძენად ხარჯავენ 5 ლარზე მეტს, ასევე, ფიქსირებული სატელეფონო ნომრების მფლობელებს, რომელთა ტელეფონი თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული ან ისარგებლა ფასიანი მომსახურებით და ა.შ.

ორგანიზაცია პრეზიდენტს უფლებამოსილებების ფარგლებში სთხოვს, გააუქმოს 2011 წლის 27 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №489 დადგენილება.

ცნობისათვის, აღნიშნული დადგენილების გაუქმების მოთხოვნით „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასაც მიმართა.