პოლიტიკა
ივანიშვილის თხოვნით ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩამოვა

liberalთბილისი, 11 აპრილი, საქინფორმი. 10 მაისს პოლიტიკური კოალიცია „ივანიშვილი – ქართული ოცნების“ თხოვნის საფუძველზე საქართველოს ლიბერალური ინტერნაციონალისა და ევროპის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებისაგან შემდგარი დელეგაცია ეწვევა.

როგორც კოალიციის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, ევროპარლამენტარები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს „ქართული ოცნების“ აქტივისტებზე ზეწოლისა და ხელისუფლების ძალადობის ფაქტებს ადგილზე გაეცნობიან.

მისივე თქმით, კოალიციის თხოვნის შესაბამისად, ევროპარლამენტარები წინასაარჩევნო გარემოს შესასწავლად ჩამოდიან.

„10 მაისს საქართველოში პირველი სადამკვირვებლო პოლიტიკური მისია განხორციელდება, ოღონდ, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტის დეპუტატების მონაწილეობით კოალიცია „ქართული ოცნება“ უმასპინძლებს 20-25-კაციან დელეგაციას ევროკავშირის პარლამენტის წევრების შემადგენლობით, რომლებიც ჩამოვლენ წინასაარჩევნო გარემოს შესასწავლად. მიზანი არის მარტივი, გაეცნონ აქ არსებულ პრობლემებს. ვიმედოვნებთ, რომ ისინი შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლებასთანაც გამართავენ და მათგან იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებობს, კონკრეტულ რეაგირებას მოითხოვენ“, – განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ ზემოხსენებული დელეგაცია, ძირითადად, იმ პრობლემებით დაინტერესდება, რომელიც მარტის ბოლოს ლიბერალ-ინტერნაციონალის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აისახა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საერთაშორისო მონიტორინგის კუთხით აქტიურობას აგრძელებს.

„ცოტა ხანში დაინახავთ, თუ რამდენი მედიამონიტორინგის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოვა ქვეყანაში, რომლებიც შეეცდებიან,  საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ ნაწილს აქ არსებული მიუკერძოებელი სურათი მიაწოდონ“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

ლიბერალური ინტერნაციონალი მსოფლიოს ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიებს აერთიანებს, მათ შორის, ბრიტანელ, ჰოლანდიელ და გერმანელ ლიბერალებს, რომლებიც ამჟამად ხელისუფლებაში არიან.