საზოგადოება
„პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ!“

priziv222თბილისი, 11 აპრილი, საქინფორმი. კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც უფლებას მისცემს ოპოზიციურ პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მოქალაქეობის გარეშე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.

კამპანიის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ გაუმართლებელია კონსტიტუციის მორგება გარკვეულ გარემოებებსა და პიროვნებებზე.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილს, რომელიც ამჟამად საფრანგეთის მოქალაქეა, ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი უთხრეს, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, რომელსაც მმართველმა პარტიამაც დაუჭირა მხარი. ამ ინიციატივის თანახმად, საქართველოში დაბადებულ პიროვნებას, რომელსაც საქართველოში ათი წელი უცხოვრია და რომელიც ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის, პრეზიდენტად არჩევის ან პრემიერმინისტრობის უფლება ექნება.

„ჩვენთვის მიუღებელია პარლამენტის წევრად არჩევისა და სხვა პოლიტიკური უფლებების მინიჭება იმ პირებისთვის, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის განცხადებაში. –  ქვეყნის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ. შემოთავაზებული ცვლილების მიღებით საფრთხე შეექმნება საქართველოს სუვერენიტეტს, ვინაიდან იგი გამოიწვევს  საქართველოს საშინაო საქმეებში სხვა ქვეყნების მოქალაქეების ჩარევას. სწორედ ამ არგუმენტის გათვალისწინებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აკრძალული აქვთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოში“.

განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ ამგვარი ინიციატივები საფრთხის ქვეშ აყენებენ კონსტიტუციის მნიშვნელობას, რაც მკვეთრად უარყოფითად აისახება ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე.

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციასა და ქვეყნის სუვერენიტეტს, უარი თქვან არამართებულ ინიციატივაზე და საკანონმდებლო ორგანოს წევრის მანდატი არ გამოიყენონ ხელოვნურად შექმნილი პრობლემების გაუმართლებელი გზებით გადაჭრისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.