სამართალი
არასამთავრობოები საკუთრების უფლების შესახებ

NPO-o-prave-sobstvennostiთბილისი, 11 აპრილი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს საკუთრების უფლების საკითხზე ანგარიშის პრეზენტაციას მართავენ. ანგარიშის ავტორები არიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საქართველოს რეგიონული მედიაასოციაცია და ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“.

„საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში“, – ასე ჰქვია ანგარიშს, რომელიც უამრავ პრობლემას მოიცავს.

„ანგარიშში ხაზგასმულია შემდეგი პრობლემები: 1. მთელი საქართველოს ტერიტორიაზე და, განსაკუთრებით, ტურისტულ ზონებში, ხშირია მოქალაქეთა მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ მიწებისა და უძრავი ქონების გადაცემის ფაქტები; 2. ხშირია შემთხვევები, განსაკუთრებით კი, ტურისტულ ზონებში, როდესაც ქაღალდის ვერსიით მოქალაქისათვის ოფიციალურად უკვე დარეგისტრირებულ ქონებას ელექტრონული ვერსიით სხვა პირი ირეგისტრირებს საკუთრებაში. ახალი მფლობელი კი, უმრავლეს შემთხვევაში, სახელმწიფოა“, – ნათქვამია ანგარიშის ავტორების განცხადებაში.

პროექტი ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.