აქტუალური
აფბა: „ქვეყანაში ბიზნესგარემო გაუარესებულია“

afba111თბილისი, 11 აპრილი, საქინფორმი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მედიასამართლებრივი მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი საქინფორმს ატყობინებს, აფბა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო სავალალო მდგომარეობაშია და დაუყოვნებლივ საჭიროებს რეფორმების გატარებას. ამის შესახებ ორგანიზაციამ გუშინ, 10 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს მსხვილი ბიზნესმენების მიერ მრავლად გაკეთებული განცხადებები, თითქოს საქართველოში ბიზნესის განვითარებას არაფერი უშლის ხელს, სიმართლესთან ახლოს არ არის. ამაზე მეტყველებს, ბლუმბერგის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი, რომელიც ბიზნესის კეთების სიმარტივეს ეხება, სადაც საქართველო 50 ქვეყანას შორისაც კი ვერ მოხვდა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

აფბას აზრით, ხელისუფლება თავს მხოლოდ ბიზნესგარემოს მიმზიდველობის მხოლოდ ზედაპირული და ფასადური კომპონენტებით იწონებს და ძირეული პრობლემები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სწორედ პოლიტიკურ ნებას უკავშირდება, კვლავ გადაუჭრელია.

ყველაზე მყარი არგუმენტი, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება ხშირად იყენებს იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ბიზნესის კეთებისთვის, არის მსოფლიო ბანკის მიერ შედგენილი რეიტინგი „Doing Business“. 2011 წელს საქართველო ამ რეიტინგში მე-12 პოზიციაზე იმყოფებოდა.

„ჩვენ, „ახალგაზრდა ფინანსისტები“, ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ „Doing Business“ არის ბიზნესის დაწყების და არა მისი შემდგომი ფუნქციონირების სიმარტივის რეიტინგი. თუმცა ამ რეიტინგის სიღრმისეული ანალიზიც კი ავლენს ისეთ ფაქტორებს, რომლებიც ბიზნესსაქმიანობის განხორციელებას უქმნის პრობლემას. მივიჩვნევთ, რომ ალტერნატიული რეიტინგი, რომელიც „Bloomberg“-ის მიერ იქნა შედგენილი, სწორედ ბიზნესის კეთების სიმარტივეს ეხება და ქვეყნის რეალურ საინვესტიციო მიმზიდველობას ასახავს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით „ახალგაზრდა ფინანსისტები“ ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ პუნქტად ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზრის მზადყოფნას მიიჩნევენ. ბაზრის სიმცირე ინვესტორებს შემოსვლის სტიმულს უკარგავს. ასეთ სიტუაციაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმებას, რისთვისაც აუცილებელი რეფორმების განხორციელებას ხელისუფლება აჭიანურებს.

აფბა ამ ფაქტს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან ხარვეზად აფასებს და მოუწოდებს შესაბამის სტრუქტურებს, გამოიჩინონ ნება და დააჩქარონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების პროცესი, ვინაიდან ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას.

აფბა მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს სისტემური და კომპლექსური რეფორმები, რომლებიც რეალურად გააუმჯობესებს საინვესტიციო მიმზიდველობას. „მხოლოდ იმის მტკიცება, რომ ქვეყანა ბიზნესის კეთებისთვის ნამდვილ ოაზისს წარმოადგენს, ქვეყნისთვის არაფრის მომტანი არ არის და, რაც მთავარია, საფუძველს მოკლებულია. „ახალგაზრდა ფინანსისტებისთვის“ მიუღებელია ისეთი ბიზნესგარემო, სადაც ბიზნესის დარეგისტრირება 15 წუთში ხდება, ხოლო მისი შემდგომი ფუნქციონირება, ხშირ შემთხვევაში, სახელისუფლო კლანების მფარველობის გარეშე, ბიზნესმენის დაპატიმრებით, ბიზნესის ჩამორთმევით ან, საუკეთესო შემთხვევაში, რამდენიმემილიონიანი გირაოს სანაცვლოდ „ნაჩუქარი“ თავისუფლებით მთავრდება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.