აქტუალური
„ახალგაზრდა ფინანსისტები“ ვერა ქობალიას განცხადებას პასუხობენ

vera1თბილისი, 11 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მედიასამართლებრივი მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი ატყობინებს, ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე ცინიკურსა და საზოგადოების უპატივცემულობას უწოდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველო ბლუმბერგის რეიტინგში მხოლოდ იმიტომ ვერ მოხვდა, რომ რეიტინგში მონაწილეობისთვის თხოვნა არ გაუგზავნია. ამის შესახებ ნოდარ ჭიჭინაძემ ასოციაციის ბრიფინგზე განაცხადა.

„ბლუმბერგის, ისევე, როგორც ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტის, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მიერ შედგენილი მსგავსი რეიტინგები მიზნად ისახავს მსოფლიოში ბიზნესგარემოს კუთხით საუკეთესო ქვეყნების გამოვლენას და აქ გათვალისწინებულია ყველა ქვეყანა და არა, როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, ის ქვეყნები, რომლებმაც განაცხადი გააგზავნეს. ეს კვლევა არ ავლენს საუკეთესო ბიზნესგარემოს მქონე ქვეყნებს განაცხადების საფუძველზე. განაცხადი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მას არავითარი გავლენა არ ექნება კვლევაზე. აფსურდია, ქვეყანას ჰქონდეს საუკეთესო ბიზნესგარემო და რეიტინგებში იმიტომ ვერ მოხვდეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ განაცხადი არ შეიტანა“, – განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია რადიო „კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ საქართველოს რეიტინგში მონაწილეობისთვის თხოვნა არ გაუგზავნია  და მედიაჰოლდინგმა რეიტინგის შედგენისას ქვეყნის მაჩვენებლები ვერ გაითვალისწინა. მინისტრის მტკიცებით, დასახელებულ 6 კრიტერიუმში საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში უდავო ლიდერია და მომავალში ბლუმბერგის რეიტინგში მონაწილეობას მიიღებს.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ გუშინდელი ბრიფინგი სწორედ აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა.