თბილისი, 10 აპრილი, საქინფორმი. გასული კვირიდან პირველკლასელთა ონლაინრეგისტრაცია დაიწყო. წელს პირველად რეგისტრაცია მხოლოდ ინტერნეტით განხორციელდება. 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იქნება შესაძლებელი, სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობენ, ან მშობლები მუშაობენ. დანარჩენების რეგისტრაცია კი, 17 აპრილიდან 17 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.
როგორც „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე მიმი გაბრიჩიძე საქინფორმს აცნობებს, პარტია ყურადღებას ამახვილებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ბათუმის სკოლებში რუსულ სექტორზე ბავშვების დარეგისტრირება შეჩერებულია. სკოლების ადმინისტრაციებმა მიიღეს ზეპირი ბრძანება ამის შესახებ. ამასთან, პარტიის ინფორმაციით, სექტემბრიდან სკოლებში მთელი საქართველოს მასშტაბით იგეგმება რუსული სექტორის გაუქმება.„აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის შესწავლა სკოლებში ხდება გაძლიერებულად, პირველივე კლასიდან. ამ ფონზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება ცალსახად წარმოადგენს ქსენოფობიურ მიდგომას რუსული ენის მიმართ“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ განათლების სისტემაში ერთპოლუსიანი მიდგომები მიუღებელია. დაუშვებელია, საქართველოს რუსულენოვან მოსახლეობას არ ჰქონდეს რუსულ ენაზე განათლების მიღების საშუალება.
პარტია მოუწოდებს განათლების სამინისტროს, უარი თქვას აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე.