საზოგადოება
ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა რეგიონებში განთავსდა

traktor1თბილისი, 10 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ქვეყნის რეგიონებისკენ გასულ კვირას რამდენიმე ათეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაიძრა. ახალი ტრაქტორები მთელი საქართველოს მასშტაბით 12 სერვისცენტრში განთავსდა. ნებისმიერ ფერმერს უკვე შეუძლია საგაზაფხულო სამუშაოები ამ ტექნიკის გამოყენებით აწარმოოს.

ამ ფაქტის მნიშვნელობაზე მიხეილ სააკაშვილმა განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოსახლეობისთვის მიცემულ პირობას ასრულებს და სოფლის მეურნეობის განვითარება და ფერმერთა ხელშეწყობა მთავრობისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება.

პრეზიდენტმა ახალი ტექნიკის დათვალიერებისას, რომელთა შორის ბელარუსიდან შემოტანილი ტრაქტორებიც იყო, ყურადღება საქართველოსა და ბელარუსს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის გადაიარაღების მხრივ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ჩვენ მრავალწლიანმა გამოცდილებამ დაგვარწმუნა ბელარუსის ტრაქტორებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საიმედოობაში. ეს ტექნიკა გაკეთებულია საქმის სიყვარულითა და კარგი ცოდნით. ჩვენი სოფლის მოსახლეობა მათ კარგად იცნობს და მოსწონს, უახლოეს თვეებსა და წლებში ჩვენ ათასობით ახალი ერთეულის შესყიდვას ვვარაუდობთ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კოლონის ერთ-ერთ ტრაქტორს სიმბოლურად საქართველოს პრეზიდენტი მართავდა.

ამჟამად საქართველოში 126 გუთნიანი ტრაქტორია შემოსული.

სახელმწიფომ  აღნიშნული ტექნიკა იაპონიის საგრანტო დახმარება „2KR“-ის პროგრამის ფარგლებში დეპონირებული თანხით შეიძინა. მიმდინარე წელს რამდენიმე ასეული ევროპული წარმოების თანამედროვე ტრაქტორისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის  შემოტანაც იგეგმება.