რელიგია
XVIII კონფერენციის „ევროინტეგრაცია და ხალხთა იდენტობის პრობლემები“ კომუნიკე

111111111თბილისი, 9 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, 2012 წლის 4-7 აპრილს ქალაქ ტრებინეში (სერბეთის რესპუბლიკა) გაიმართა მართლმადიდებელ ხალხთა ერთიანობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის XVIII კონფერენცია (МОФЕПН) თემაზე „ევროინტეგრაცია და ხალხთა ინდეტობის პრობლემები“. 4 აპრილს კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, დეკანოზმა გიორგი ხარაზიშვილმა წაიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეს მისასალმებელი სიტყვა კონფერენიციის მონაწილეთადმი, ხოლო 5 აპრილს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით კონფერენციაზე დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი გამოვიდა მოხსენებით, რომელიც მკითხველს უკვე გააცნო საქინფორმმა.

კონფერენციის მუშაობის დასრულებისას მიღებულ იქნა კომუნიკე, რომელსაც საქინფორმი, ასევე, მთლიანად აქვეყნებს.

მართლმადიდებელ ხალხთა ერთიანობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის „ევროინტეგრაცია და ხალხთა იდენტობის პრობლემები“ XVIII ყოველწლიური კონფერენციის კომუნიკე

(სერბეთის რესპუბლიკა, ტრებინე, 2012 წლის 4-6 აპრილი)

მართლმადიდებელ ხალხთა ერთიანობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის მიერ 2012 წლის 4-6 აპრილს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტთან ერთად, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში სერბეთის მართლმადიდებელი მღვდელმთავრული ეკლესიის  სულიერი მეურვეობის ქვეშ, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის წევრების (МАП), მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან რელიგიური ორგანიზაციების, პოლიტიკური, საზოგადოებრივი და რელიგიური მოღვაწეების მონაწილეობით, ტრებინეში ორგანიზებულმა საერთაშორისო კონფერენციამ, მართლმადიდებლობის მორალურ-ზნეობრივი ღირებულებების პოზიციებიდან გულდასმით და კონსტრუქციულად განიხილა კონტინენტის ხალხებისთვის მისი ეროვნული იდენტობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი პრობლემების კონტექსტში  ევროპული ინტეგრაციის საკითხები.

კონფერენცია ტრებინეში იმ პროდუქტიული დისკუსიის ლოგიკურ გაგრძელებად იქცა, რომელიც 2011 წელს მართლმადიდებელ ხალხთა საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის XVII ყოველწლიურ კონფერენციაზე გაიმართა დუბროვნიკში (ხორვატია), სადაც განიხილეს და კრიტიკულად შეაფასეს მულტიკულტურული პროექტის შედეგები თანამედროვე ევროპაში და, ამასთან, აღნიშნეს ხალხთა სულიერი და კულტურული იდენტობის მზარდი მნიშვნელობა.

მონაწილეთა მიერ გაწეული მნიშვნელოვანი შრომის აღიარებად და  მაღალი შეფასების დასტურად იქცა მათი მისამართით სერბეთის უწმიდესი პატრიარქ ირინეის, საქართველოს უწმიდესი პატრიარქ ილია მეორეს, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ მილორად დოდიკის, სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ რადოიჩიჩის, მისი უბრწყინვალესობა ზახუმ-ჰერცეგოვინისა და პრიმორიეს ეპისკოპოს გრიგორის, რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების საბჭოს თავმჯდომარე ვ. ი. მატვიენკოს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის (МАП), რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის საზოგადოებრივ გაერთიანებათა და რელიგიურ ორგანიზაციათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ს. პოპოვის, სხვა ქრისტიანულ ეკლესიათა ხელმძღვანელებისა და მღვდელმთავრების, პარლამენტთა და კონფერენციის წევრ-მონაწილეთა მთავრობების თავმჯდომარეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მისასალმებელი სიტყვები და მიმართვები.

კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ევროპულ სივრცეში ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესი უნდა ითვალისწინებდეს კონტინენტის ხალხთა კულტურულ და სულიერ ტრადიციებს, რადგან სწორედ ტრადიციული ღირებულებებისადმი ფაქიზ დამოკიდებულებას შეუძლია, დაასტაბილუროს ერთაშორისი ურთიერთობანი და განამტკიცოს სახელმწიფოთაშორისი კავშირები, რათა უფრო მეტი დემოკრატიზმით აშენდეს ახალი, ერთიანი ევროპა. ევროინტეგრაციის პროცესის წინააღმდეგობრიობა და სირთულე იმთავითვე მდგომარეობდა ტრადიციული და კულტურული ღირებულებების მნიშვნელობის დაკნინებისა და  ხალხთა მიერ მათი ეროვნული იდენტობის დაკარგვის საფრთხეში, რაც სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ჯაჭვს წარმოქმნის. კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამჟამინდელი გლობალური კრიზისი ევროპულ სინამდვილეში დამძიმებულია ახალი ევროპული იდენტობის არარსებობით, რაც აბრკოლებს ახალი საზრისისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას ევროკავშირის ფარგლებში. ფორუმზე ითქვა, რომ მართლმადიდებლობა, როგორც ევროპის მრავალი ხალხების ეთნოკულტურის წარმომქნელი ფაქტორი და ღირებულებათა სისტემის საფუძველი, ხელს უწყობს სახელმწიფოთაშორის გაცნობიერებული და სტაბილური ურთიერთობების განვითარებას და ამასთან კავშირში უნდა იქცეს საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთ ძირითად ელემენტად ევროინტეგრაციის პროცესში. მართლმადიდებლური არეალის ხალხები მხარს უჭერენ ერთიან დემოკრატიულ ევროპას და სურთ იქ ცხოვრება თავისი მდიდარი ეროვნული ტრადიციების, განუმეორებელი იერსახის, კულტურის, ენისა და სულიერების შენარჩუნებით.

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბალკანეთის ქვეყნების ხალხთა ურთიერთობებს, მათ შორის, ბოსნიასა და ჰერცეგოვინას – კონფედერაციული ტიპის ქვეყნებს, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობის ნებით შეიქმნა და რომელთა ძალების ბალანსიც მრავალი ეთნიკურ-ეროვნული და რელიგიური ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. დიდი ყურადღებით იქნა განხილული მართლმადიდებელ მორწმუნეთა რთული მდგომარეობა ზოგადად ბალკანეთში და, ასევე, რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში, ევროპაში, პლანეტის სხვა ადგილებში, სადაც ინტეგრაციისა და ეროვნული იდენტობის საკითხთა ფარდობითობა განსაკუთრებით მწვავედ დგას. გაკიცხვით ისაუბრეს ქრისტიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე აღმოსავლეთ არაბეთსა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში. ფორუმის მონაწილეებმა აღნიშნეს ამ რეგიონთა ბედ-იღბალში ევროპულ სახელმწიფოთა მხრიდან დახმარებისა და მხარდაჭერის აუცილებლობა.

განხილულ იქნა ევროპაში ბოლო ხანს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშრებული საკითხები, რომელთა შორისაა ეკონომიკური კრიზისი, ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მთავრობის უუნარობა მასთან გამკლავებაში და ევროკავშირის თაობაზე ზოგი საბაზო შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა.

განსაკუთრებულად აღინიშნა, რომ საერთო ევროპული იდენტობის პრობლემების გადაჭრა  მეტ-ნაკლებად შორეულ ისტორიულ პერსპექტივაში შეუძლებელია რუსეთის ფაქტორის გათვალისწინების გარეშე, რადგან ცნება ერთიანი დიდი ევროპა ატლანტიკიდან ურალამდე და მის იქით ვლადივოსტოკამდე ვერ იქნება პასუხისმგებლობით გააზრებული და აღქმული რუსეთის, როგორც სრულუფლებიანი და განუყოფელი სუბიექტის, აუცილებელი ჩართულობის გარეშე ევროპულ სინამდვილეში.

კონფერენციამ  განცალკევებით განიხილა ქრისტიანოფობიის პრობლემა, რაც ქრისტიანთა უფლებებსა და სიცოცხლეზე თავდასხმაში გამოიხატება და უკვე სისტემური ხასიათი აქვს. ეს ტენდენცია არა მარტო აბრკოლებს ხალხთა გაერთიანებისა და კულტურათა გაცვლის პოზიტიურ პროცესებს და ავლენს სხვა ეთნოსების კულტურისა და ტრადიციების მიმართ უპატივცემულობას, არამედ უნარი შესწევს, შეარყიოს თანამედროვე მსოფლიოს სტაბილურობა და მდგრადობა. აუცილებელია ქრისტიანოფობიის პრობლემისადმი რელიგიური და სხვა საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მთავრობებისა და პარლამენტთა ყურადღების მიპყრობა, ფართო საერთაშორისო დონეზე ქრისტიანთა დისკრიმინაციის პრობლემების გადასაჭრელად.

მაღალი შეფასება მიეცა მართლმადიდებელ ხალხთა ერთიანობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის ძალისხმევას, რომელმაც უკვე მეთვრამეტედ შეკრიბა თავის ავტორიტეტულ ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის გავლენიანი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და რელიგიური მოღვაწენი, აღმოსავლეთქრისტიანული ტრადიციების ხალხთა ეროვნებათშორისი და კულტურათშორისი დიალოგის განვითარებისა და რელიგიური, კულტურული და სოციალური კავშირების განმტკიცებისათვის.

კონფერენციის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და პარლამენტს, ქ. ტრებინეს ხელმძღვანელობას, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრობას თბილი და გულითადი მასპინძლობისათვის და, ასევე, მართლმადიდებლური ტრადიციის ქვეყნების პოლიტიკურ, საზოგადოებრივსა და საქმიან წრეებს ყოველმხრივ გაწეული დახმარებისათვის ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმის მაღალ დონეზე მომზადებისა და რეალიზაციის საკითხში.

ტრებინე, 2012 წლის 6 აპრილი